„ეს უკრაინაში დიდი მოვლენაა,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარზე გადასვლას. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 10 სექტემბერს მხარდამჭერებთან ერთად უკრაინაში გადავა.
„რამდენიმე ათასი ადამიანი აპირებს ჩემთან ერთად პოლონეთიდან წამოსვლას,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ თანაგუნდელებთან და უკრაინაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მისი მხარდამჭერი უკრაინელებიც იქნებიან. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინის საზღვართან უკრაინელი პოლიტიკოსებიც დახვდებიან, მათ შორის, იულია ტიმოშენკო.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, არ გამორიცხავს, რომ პოლონეთი-უკრაინის საზღვართან ევროპარლამენტარებიც შეიძლება შეუერთდნენ. მისი თქმით, ევროპარლამენტარების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.
„ევროპარლამენტარები არ გამორიცხავენ სპეციალური რეზოლუციის მომზადებას, სპეციალური რეზოლუციის ევროკავშირის. ასე, რომ თუ საზღვარზეც ვინმე მოვა, ესეც არ არის გამორიცხული. იქნება ძალიან ბევრი უცხოური პრესა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.