05 მაისი 2024,   05:48
ვრცლად
„ფარსი“ და „ თვალში ნაცრის შეყრა“ - ოპოზიცია საკონსტიტუციო პროექტზე მმართველი გუნდის მორიგ შეთავაზებას აფასებს

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის კიდევ ერთ ინიციატივას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.

ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის პროექტი საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე შეცვალა. დღევანდელი წინადადება კი, ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, დესტრუქციულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი უმრავლესობის შეთავაზებას "მორიგ ფარსს" უწოდებს და აცხადებს, რომ არანაირი დათმობა არ ხდება "ქართული ოცნების" მხრიდან.

„ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ერთჯერადი სატყუარათი თუ ფარსით, ერთგვარად ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც მან განიცადა როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, ასევე, ქართველი საზოგადოების თვალში, მოატყუოს კიდევ ერთხელ ვენეციის კომისია,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი მმართველი გუნდის ინიციატივას „თვალში ნაცრის შეყრას“ უწოდებს.

„ეს არის აღიარება, რომ სისტემა არის შესაცვლელი და მეორე მხრივ, აღიარება იმისა, რომ მთავრობას ეშინია სისტემის ცვლილება 2020 წელს, რადგან იმედი აქვთ, რომ ამ სისტემით, როგორღაც შეინარჩუნებენ ხელისუფლებას,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები