07 მაისი 2024,   03:13
ვრცლად
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება 

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე საბოლოდ დღეს უნდა დაარეგისტრირონ. ქვეყნის მთავარი კანონის რეფორმის დასრულებიდან მალევე 4 საკითხის ჩასწორებისთვის პროცედურები თავიდან იწყება. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო კომისიის ნაცვლად ამჯერად საორგანიზაციო კომისია იმუშავებს.

„ოპოზიცია თვითონ ვერ გარკვეულა იმაში რა საკითხს უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი და რა საკითხებს არა. აქ არის საკითხი საორგანიზაციო კომისიასთან მიმართებაში. წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ შევლენ, მაგრამ ალბათ სავარაუდოა, რომ პარლამენტის წევრები იქნებიან წარმოდგენილი ამ საორგანიზაციო კომისიაში,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ პარლამენტის ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილი. „ნაციონალურმა მოძრაობა“ და „ევროპულმა საქართველომ“ კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ჩვენ რა თქმა უნდა ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვიცით, რომ არ შეიცვლება არაფერი, გავა ისე, როგორც მათ მიერ არის წარმოდგენილი, ასევე მოხდა წინა კომისიის შემთხვევაში და ჩვენ არ შევუქმნით საზოგადოებას ილუზიას, თითქოსდა უმრავლესობასთან ერთად რაღაც კომისიაში შეიძლება რაიმე გონივრული აზრის გატანა,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მუშაობა ფორმალური იქნება შესაბამისად კომისიაში ყოფნას აზრი არ აქვს.

„პროცესში მონაწილეობა მონაწილეობის გულისთვის რა თქმა უნდა აზრს კარგავს,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

"პატრიოტთა ალიანსში" კი განმარტავენ, რომ ამ ტრიბუნას გამოიყენებენ.

დღის ამბები