27 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
სპეცოპერაციის დროს დამნაშავეებს 3 სართული ჰქონდათ დაკავებული - საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ისევ გრძელდება

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ამ წუთებში უკვე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც მრავალსაათიანი სპეცოპერაციის ადგილს სწავლობენ.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფება სამართალდამცველების და სპეცრაზმელების ნაწილი, რომლებსაც ტერიტორია ჯერ კიდევ ალყაში აქვთ მოქცეული.

კრიმინალისტებთან ერთად ადგილზე მუშაობენ სამედიცინო ექსპერტებიც, რომლებიც გარდაცვლილების ცხედრებს სწავლობენ. ოფიციალური ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული, მათ შორის ერთ-ერთის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის გარეთ იყო. ცხედრები ჯერჯერობით პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, 18:00 საათისთვის ერთ-ერთი ბრალდებული სადარბაზოდან ეზოში გამოვიდა. დაუდასტურებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსით, მან თავი აიფეთქა, მეორე ვერსიით კი სამართალდამცავებთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დაქირავებული ჰქონდათ კორპუსის მესამე სართული, თუმცა პირველი და მეორე სართული ეკუთვნოდა ერთ ადამიანს. მოსახლეობის განცხადებით, სამართალადმცავების მოსვლის შემდეგ დანაშულებრივი ჯგუფის წევრებმა პირველ და მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებლის კარი შეამტვრიეს და სამი სართული დაიკავეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები