21 დეკემბერი 2024,   18:58
ვრცლად
სასტიკად ნაცემი ყოფილი ცოლი და სიმამრი - დაზარალებულის ყოფილი ქმარი ამ დრომდე თავისუფალია

სასტიკად ნაცემი ყოფილი ცოლი და სიმამრი, რომელიც ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი - 22 წლის დეა გოშხეთელიანი და მისი მამა ყოფილმა ქმარმა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა.

ძალადობის მსხვერპლს თავის ტრამვა და მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული. გოშხეთელიანის მამას ფიზიკური დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. ასევე, აღენიშნება ტვინის შერყევა და გატეხილი აქვს ცხვირი. მას ქუთაისის საავადმყოფოში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის, გრიგოლ ბაკურაძის, დაკავებას ითხოვს. ძალადობის მსხვერპლის თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიციამ მოძალადე დააკავა და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, იმაზე მიანიშნებს, რომ სამართალდამცავი ორგანოებში ყოფილი ქმრის ოჯახს ახლობლები ჰყავს.

გრიგოლ ბაკურაძის მამა პოლიციის პოლკოვნიკი და ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია.

მოძალადის ოჯახი კურიერთან საუბარზე უარს აცხადებს. გოშხეთელიანის ყოფილი მამამთილი, ქუთაისის პოლიციის ყოფილი უფროსი, ძალადობის ფაქტის გასაჯაროებას არ მიესალმება.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ მხარემ საქმე გაასაჩივრა და ძალადობის ფაქტის განხილვა უკვე მეორე ინსტანციაში გადაინაცვლებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, მხოლოდ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის.

გასული წლის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოველი მე-11 ქალი გახდა. რამდენიმე მათგანზე მოძალადედ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ან მათთან დაახლოვებული პირები იკვეთებიან. მსგავსს შემთხვევებზე არცერთი საქმე არაა გახსნილი. 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები