აჭარის მაღალმთიან სოფლებში უკვე მეექვსე დღეა სპეციალური ტექნიკა მუშაობს. გზების გაწმენდით პროცესს უხვი ნალექი ართულებს. ხშირია დასახლებები, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს. ინტენსიურ თოვასთან ერთად, ცუდია ხილვადობაც.
აჭარის რეგიონში, ხულოს, ქედას და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლები სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა. ამ დრომდე, დასახლებების აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მაღალმთიან სოფლებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად, აჭარაში დღეს პრეზიდენტი ჩავიდა. მიხეილ ყაველაშვილი ზენითსა და სახალვაშოში ადგილობრივებს შეხვდა.
პრეზიდენტი და პრემიერი ქობულეთში საგანგებო შტაბის სხდომას დაესწრნენ და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს.
სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება იმერეთის რეგიონში. რთული ვითარებაა სოფლებში, სადაც თოვლის საფარი მაღალია.
იმერეთში მიმდინარე სამუშაოებს "ქართული ოცნების" წევრები ადგილზე გაეცნენ. მმართველი პარტიის ლიდერებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ოფიციალური ინფორმაციით, მუდმივი კომუნიკაციაა იმ ოჯახებთან, რომლებიც სტიქიამ გარე სამყაროს მოწყვიტა.
ქუთაისში დღეს ოლიმპიური ჩემპიონებიც ჩავიდნენ - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი საგანგებო შტაბის სხდომაზე იმყოფებოდნენ.
სტიქიის ზონაში უკვე მესამე დღეა იმყოფება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე იმერეთში ჩავიდა და იქ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩაატარა.
ბოლო მონაცემებით, იმერეთის რეგიონში გარე სამყაროს მოწყვეტილია 103 სოფელი. ელექტროენერგია 20000-ს, ხოლო ბუნებრივი აირი - 1600 ოჯახს არ მიეწოდება. სასწავლო პროცესი შეჩერებულია გარკვეული მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბაღებში.
უხვი ნალექის გამო გამოწვეული, პრობლემების მოგვარებას 2-3 დღე დასჭირდება - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღის ბოლოს, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
სტიქიის შედეგებს ებრძვიან სამეგრელოშიც. რეგიონში თოვა შეწყდა, ცენტრალური გზები გაწმენდილია, თუმცა ელექტროენერგიის გარეშე კვლავ რამდენიმე სოფელია დარჩენილი. კომუნალური სერვისების აღდგენისთვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ზუგდიდში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა.
დღეს დილიდან აღარ თოვს შიდა ქართლში, თუმცა ნამქერის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ცენტრალურ მაგისტრალებზე შეზღუდვები მოხსნილია, მაღალმთიან სოფლებში კი გადაადგილება მოსახლეობას თავისუფლად შეუძლიათ.
მძიმე ტექნიკა მუშაობს რაჭაშიც. უკვე გაწმენდილია გზები ქალაქ ცაგერსა და ხუთ სოფელში. სხვა დასახლებებში სამუშაოები გრძელდება.