05 მაისი 2024,   10:44
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელში გამოვლენილი ფინანსური დარღვევები - სამოქალაქო სექტორი საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება

სამოქალაქო სექტორი საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის თემა საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი პრობლემები და ის ფინანსური დარღვევებია, რომელიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს   აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, პარლამენტს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვითხოვთ ღია მოსმენის მოწყობას საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატებიც და საზოგადოების წარმომადგენლებიც დაუსვამენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს კითხვებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ჩვენი მოთხოვნა არის იგნორირებული,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, აცხადებს, რომ აღნიშნული საქმით პარლამენტი და სამეურვეო საბჭოც უნდა დაინტერესდეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, მოიწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებსაც, თუმცა, მხოლოდ ქეთევან მსხილაძე მივიდა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან მსხილაძე, აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილ წევრს, ლელა გაფრინდაშვილს, 12 800 ლარი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ დაერიცხა.

დაახლოებით, სამი თვის წინ 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ სისტემურ პრობლემებზე სასაუბროდ საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, დღემდე თანხმობა არ მიუღიათ.

დღის ამბები