07 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
მან დააზიანა არამარტო საკუთარი თავის, არამედ მთლიანად სასამართლოს იმიჯი - ანა დოლიძე გვრიტიშვილზე საუბრობს

"სამართლებრივი ინიციატივის ფონდი არასდროს ყოფილა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი" - ნათქვამია ჰოლანდიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც ანა დოლიძის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ბრალდების საპასუხოდ დაწერა. მასში ნათქვამია, რომ ანა დოლიძე ფონდის კონსულტანტად 2008 წლის აგვისტოდან მუშაობდა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვებაში ეხმარებოდა. წერილში ხაზგასმულია მისი პროფესიონალიზმი და ობიექტურობა. 

"ბატონი გვრიტიშვილი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მაგრამ მოქმედებდა ისე, რომ მან დააზიანა არამარტო საკუთარი თავის, როგორც მოსამართლის, არამედ მთლიანად სასამართლოს იმიჯი. მნიშვნელოვანია რომ ყველა მოსამართლემ იცოდეს, რომ მსგავსი ტიპის ცილისმწამებლურ განცხადებებს აქვს ფასი და ეს ფასი ძალიან დიდი ფასი არის მისი ავტორიტეტი, ისევე როგორც სასამართლოს ავტორიტეტი."-აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი ანა დოლიძის საუბარს უსაფუძვლოს უწოდებს და საკუთარ პოზიციაზე რჩება.

​"ეს საუბარი როგორც ქალბატონი ანას მხრიდან, ასევე იმ ორგანიზაციის მხრიდან არის უსაფუძვლო. თავის დროზე ამ ორგანიზაციის მოღვაწეობა იყო ჩვენი მტერი სახელმწიფოს პროპაგანდის ნაწილი იმ მოტივით, რომ აგრესია საქართველოს წინააღმდეგ რაღაცნაირად გაემართლებინათ,"-აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

 

დღის ამბები