27 იანვარი 2022,   18:25
ვრცლად
,,მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას" - კალაძე საკრებულოში მისი მოადგილის არ მისვლის მიზეზს განმარტავს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც მისი მოადგილე, სოფიო ხუნწარია საკრებულოში ოპოზიციასთან და ბიბლიოთეკარებთან შესახვედრად არ მივიდა.

კალაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ძალაა და არ აპირებს მასთან თანამშრომლობას.

,,მინდა ზუსტად რომ გავყოთ, ერთი არის მარგინალები, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მეორე არის ,,ევროპული საქართველო“, ჩვენ ,,ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ, იმიტომ რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუქციულ მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას.

ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოში გაკეთდა განცხადება, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე სანამ არ დალაგდებიან და არ გაერკვევიან საერთოდ რა უნდათ“-აცხადებს კალაძემ.

ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხებს საკრებულოს ოპოზიცია დედაქალაქის მერის მოადგილისგან ელოდა.

სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურისა და განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საკრებულოში "ნაციონალური  მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე უნდა მისულიყვნენ, თუმცა არცერთი მათგანი საკრებულოში არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების უმრავლესობა შესაძლოა დაიხუროს. ცვლილებების მიხედვით, უქმდება თბილისის ბიბლიოთეკების გაერთიანება. მის ნაცვლად კი ახალი აიპ-ი იქმნება. რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილია თავად ბიბლიოთეკარების ტესტირებაც, რაც ეჭვებს შემცირებებთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამყარებს.

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია, კი ამბობს, რომ ბიბლიოთეკების შენობების უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია. ხუნწარიას განცხადებით, მერია ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას და თანამშრომლების გადამზადებას გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები