26 მაისი 2018,   06:03
ვრცლად
სარგსიანი გადადგა - სომხეთში "გამარჯვების მიტინგი" იწყება

ერევანში, საპროტესტო აქციების მეთერთმეტე დღეს და პოსტზე დამტკიცებიდან ერთი კვირის შემდეგ, სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ მოსახლეობას წერილობით აცნობა.

"ბოლოჯერ მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო მეთაური. ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობას. ქუჩაში გამოსული ხალხი ეწინააღმდეგება ჩემს პრემიერობას. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას,“ - წერია სერჟ სარგსიანის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ერევნის ქუჩებში პრემიერის გადგომას ზეიმობენ. რესპუბლიკის მოედანზე ეგრეთ წოდებული "გამარჯვების მიტინგი" იწყება.

სარგსიანის გადადგომის შესახებ განცხადების გავრცელებიდან მალევე სომხეთის ქალაქებში მოსახლეობამ საზეიმო მსვლელობა დაიწყო.

„ეს ხალხის დიდი გამარჯვებაა, ჩვენთვის დიდი სიხარულია“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოსახლეობას იმედი აქვს, რომ სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ, სომხეთში დემოკრატიული პროცესები დაიწყება.

ვინ გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჯერ უცნობია. ერევნის ცენტრში კი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი და როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ მიტინგზე ხალხი დაასახელებს იმ პოლიტიკოსს, ვინც სურთ რომ ქვეყნის სათავეში იხილონ.

დღის ამბები