08 მაისი 2024,   06:15
ვრცლად
ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში გამოვლენილი დარღვევები - აუდიტის სამსახურმა ხმაურიანი დასკვნა გამოაქვეყნა

აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი ხმაურიანი დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრის მინისტრობის პერიოდს ეხება.

დასკვნაში წერია, რომ ეკონომიკის სამინისტროში დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში დანამატების სახით გაცემული 4 მილიონი ლარის კანონიერება ეჭვს იწვევს. დოკუმენტის მიხედვით, კითხვის ნიშნებს ბადებს თანამშრომელთა რაოდენობაც, რადგან დამტკიცებული საშტატო ერთეული და რეალურად მომუშავეთა რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

სავარაუდო დარღვევა ეკონომიკის სამინისტროს პროექტს "აწარმოე საქართველოში" უკავშირდება. აუდიტორები წერენ, რომ "აწარმოე საქართველოში" დაქირავებული ჰყავდა 4 კონტრაქტორი კომპანია, რომელთაც უნდა შეემოწმებინათ, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა პროექტიდან მიღებული თანხები. 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროექტის შემოწმების შემდეგ კონტრაქტორი კომპანიები ვალდებულებებს სათანადოდ არ ასრულებდნენ. აუდიტორების თქმით, 46-მე ბენეფიციარმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულა. 

„აღნიშნულ კონტრაქტორებს აქვთ ვალდებულება, რომ შეადგინონ მონიტორინგის ანგარიში, თუ როგორ ხდება შემდგომ უკვე ბენეფიციარების მიერ ამ პროგრამის განხორციელება. ანუ მიღებული თანხები იხარჯება თუ არა მიზნობრივად. აღმოჩნდა, რომ ეს კომპანიები ან არასრულად, ან ზოგჯერ საერთოდ არ წარადგენენ ასეთ ინფორმაციას სსიპ „აწარმოე საქართველოში“,- განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა.

დასკვნაში საუბარია, რომ დანამატის გაცემა დაუსაბუთებლად ხდებოდა კონკრეტული თარიღის და სამუშაოს მიზნობრიობის მითითების გარეშე. 

„დანამატის გაცემის დროს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, რომ უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული თუ რისთვის გაიცა. ზოგადად, კანონმდებლობით შესაძლებელია დანამატის გაცემა ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, დასვენების დღეებში მუშაობისთვის და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის.,- განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე შერმადინმა.

დღის ამბები