09 მაისი 2024,   12:50
ვრცლად
"ვიცი, რომ ის ემზადება მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ" - ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს 

მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ადასტურებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილიც აქტიურად ემზადება. 

უმრავლესობაში სამომავლო გეგმებზეც აკეთებენ განმარტებას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კონკრეტული ცვლილებების შესახებაც საუბრობს, რომელიც ადამიანური რესურსების, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებით უნდა განხორციელდეს.

„ქალბატონ სალომესთან მე მქონდა გუშინ კომუნიკაცია, ვიცი, რომ ის ემზადება მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად, ისევე როგორც ვემზადებით ჩვენ. ახლა გარკვეულ ცვლილებებზე და კომპლექსურ ცვლილებებზე და არა მხოლოდ ფრაგმენტულზე საუბრობს პარტიაც და ეს იქნება ძალიან კარგად დასანახი მოგვიანებით და ეს ეხება ყველა მიმართულებით, მენეჯმენტის მართვის, ინსტიტუტების, ადამიანური რესურსის კუთხით, ცვლილებები იმ ადამიანების მეტად ჩართვის, ვინც მოიტანა ის დიდი გამარჯვება 2012 წელს და ა.შ. საჭირო იქნება მათ შორის ძალიან კომპლექსური ცვლილებები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა ოხანაშვილი არ ასახელებს, კონკრეტულად ვის აქვს კომუნიკაცია საპრეზიდენტო კანდიდატთან. 

„რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ ხო გაინტერესებთ „ქართულ ოცნებას“ აქვს თუ არა კომუნიკაცია. არ არის დასამალი, მე იმით არ ვინტერესდები კონკრეტულად ვინ ეკონტაქტება კონკრეტულ პირს. გუნდს აქვს რა თქმა უნდა, კავშირი, მიმდინარეობს შემუშავება იმ გეგმის, რა გეგმითაც ჩვენ მეორე ტურში დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ არჩევნები, შესაბამისად, ამის შესახებ ძალიან მალე გეცნონებათ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულია.

არჩევნებიდან ორი დღე გავიდა, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ოფისშიც კი არ გამოჩენილა. საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პირველივე ტურში გამარჯვებას აანონსებდა, კვლავ დუმილს არჩევს.  

როდის მივა და სალომე ზურაბიშვილი საკუთარ საარჩევნო ოფისში უცნობია. საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრები განმარტებებს არ აკეთებენ. ასევე არ აქვს ინფორმაცია, დაიწყება თუ არა მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის.

 

დღის ამბები