08 მაისი 2024,   01:06
ვრცლად
„ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება"-ოპოზიცია მეორე ტურის თარიღს აპროტესტებს

ცესკო-მ გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლების კარნახით - ასეთია ოპოზიციის შეფასება არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შუა კვირას ამომრჩევლების იმ ნაწილს რომლებიც რეგიონებში არიან რეგისტრირებული, საარჩევნო უბნებზე მისვლა გაუჭირდებათ. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ემიგრანტები.

„ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ ტურში არაერთი დაბრკოლება შეუქმნეს ჩვენს ემიგრანტებს რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ახლაც სამუშაო დღეს არჩევნების მეორე ტურის გამართვა ამ პრობლემების შექმნას უკავშირდება,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდეს,  სამარცხვინოს უწოდებს „ევროპული საქართველო.“  

„ცესკო-მ მიიღო ცალსახად სამარცხვინო გადაწყვეტილება და მიუხედავად  პოლიტიკური პარტიების, თუ არასამთავრობო სექტორის ძალიან დასაბუთებული მოწოდებას, არ შეექმნა  ხელოვნური ბარიერები საზღვარგარეთ მცხოვრები ასეულობით ათასი ამომრჩევლისთვის, არჩევნები დანიშნა მაინც სამუშაო დღეს,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ცესკო მიუკერძოებელია და მეორე ტურის თარიღის დანიშვნა კანონის ფარგლებში მოხდა.

„ცესკო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. "ქართულ ოცნებას," ან სხვა პარტიებს, რომელი თარიღი აწყობდათ, ეს კიდევ საკითხავია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩეველს არ შეექმნება პრობლემები რადგან არჩევნების დღე უქმე დღედ გამოცხადდა და მათ რაიონებში ჩასვლის შესაძლებლობა ექნებათ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები