08 მაისი 2024,   01:22
ვრცლად
წინამძღოლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და დაკეტილი ჯვრის მონასტერი - ტაძრის მოსანახულებლად ტურისტებს ღობეზე გადაძრომა უწევთ

ჯვრის მონასტრის მოსანახულებლად ტურისტებს პარტიზანული მეთოდების გამოყენება და ღობეზე გადაძრომა უწევთ. დილიდან ტურისტები და მომლოცველები მონასტერში მიდიან, თუმცა იმის გამო, რომ ტაძრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, ტაძარი ორი დღეა დაკეტილია, ტურისტები ეზოში მოსახვედრად შემოვლით გზებს იყენებენ. 

„სტუმრები მყავს უცხოეთიდან. უნდათ ჩვენი უნიკალური ძეგლის დათვალიერება. მე ჩავარდი უხერხულ მდგომარეობაში, რომ ჩვენი ჯვრის მონასტერი დაკეტილია. იძულებული გავხდით რომ შემოვლითი გზით წავსულიყავი. ჩემი ნება რომ იყოს გავჭრიდი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ტაძარში ამ დრომდე არ მისულა მამა კონსტანტინე ჯინჭარაული, რომლის გადაწყვეტილებითაც „იუნესკოს“ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და უნიკალურ ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიას ბოქლომი დაედო. დილით ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ბერი მივიდა, თუმცა არც მათ უთქვამთ როდის გაიხსნება ეკლესია. 

ადგილზე იმყოფებიან გარემოვაჭრეები, რომელთან კონფლიქტის გამოც მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ტაძარი დაკეტა. დავა ვაჭრობისთვის განკუთვნილ ადგილს ეხება. სასულიერო პირები მის გათავისუფლებას მოითხოვენ.  

„საჭმელიც აქვს, სასმელიც აქვს და ცხოვრობს იმენა რა... კონსტანტინე კი არა მეფეა რა. ბარემ დავადგათ გვირგვინი და ვაკურთხოთ,“ - ამბობს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მეექვსე საუკუნის ძეგლის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა ერთპიროვნულად მიიღო. სასულიერო პირი იმუქრება, რომ ტაძარს მანამდე არ გახსნის, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიას გარე მოვაჭრეები არ დატოვებენ.  გარემოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ დახლების დადგმა, ჯვრის მონასტრის წინ სასულიერო პირებს თავად სურთ. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები