07 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
"შეხედეთ, რას ჰგავს აქაურობა" - გარემოვაჭრეები ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობენ 

სასულიერო პირების მხრიდან ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზად ანტისანიტარიის დასახელებას გარემოვაჭრეები პასუხობენ. ისინი საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ანტისანიტარიას არა მათი საქმიანობა, არამედ თავად მონასტერში მყოფი ადამიანები ქმნიან.

გარემოვაჭრეები იმ ადგილებზე მიუთითებენ, სადაც ტაძრიდან გამოტანილი დამწვარი სანთელი და სხვა ნარჩენი ნივთები ერთად არის თავმოყრილი. 

 „ხალხის დანთებული სანთელი, რომელიც ესე დაყრილია სიგარეტის ბიჩოკებთან, ნაგავთან, ყველაფერთან ერთად, რომელიც არ არის ჩამწვარი ნახევრადაც კი და მერე მოვაჭრეებს აბრალებენ, რომ ანტისანიტარიაა აქ. გაგვცენ მამაოებმა, წინამძღვარმა კონკრეტულად პასუხი, ეს რას ნიშნავს, შეხედეთ, რას ჰგავს აქაურობა. არა მარტო ეს, გარშემო სულ ასეთი რაღაცები ხდება. სირცხვილი არ არის ეს? ამას, პირველ რიგში, წინამძღვარი უნდა აქცევდეს ყურადღებას,“ - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

გარ მოვაჭრეები აცხადებს, რომ ისინი პერიოდულად საკუთარი ძალებითაც კი ცდილობენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას. მათი თქმით, ისინი მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუ სად გააგრძელებენ საქმიანობას. 

„არანაირი ანტისანიტარია ჩვენი მხრიდან არ ხდება. ელემენტარული ჯვარს წყალი არ მოეწოდება... ჩვენ ველოდებით სამღვდელოების, წინამძღვრის მხრიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია სად დავდგებით და სად განვთავსდებით,“ -აღნიშნავს კიდევ ერთი გარე მოვაჭრე.

ჯვრის მონასტერი 3-დღიანი პროტესტის შემდეგ გაიხსნა. გადაწყვეტილება წინამძღვარმა ცოტა ხნის წინ მიიღო, თუმცა მიზეზი უცნობია. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები