09 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
იმედია საგამოძიებო ორგანოები სწრაფად შეისწავლიან აფეთქების მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს - ომბუდსმენი 

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მიმართავს და დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებს. მომხდარის სიმძიმიდან გამომდინარე ომბუდსმენი საგამოძიებო უწყებებისგან დროულ რეაგირებას და პასუხისმგებელი პირების დადგენას მოელის.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აუცილებელია მოხდეს აკრძალული სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალის განსაზღვრა. 

„საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს.

ამასთან, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი თუ სხვა მავნე ბუნებით; ასევე აუცილებელია ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიების სრულყოფა,“ - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა არანაირი ზომები არ მიუღიათ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და მიმდინარეობს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლის გამოკითხვა.

დღის ამბები