08 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
პრეზიდენტის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში - ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მოლოდინებზე საუბრობენ

საქართველოს პრეზიდენტის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ხვალ იწყება. სალომე ზურაბიშვილს შეხვედრები ექნება ევროსტრუქტურებსა და ნატოში. მის ვიზიტს უკვე გამოეხმაურნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ისინი საქართველოს პრეზიდენტის პირველ სამუშაო ვიზიტს, ევროკავშირის დედაქალაქში, პოზიტიურად აფასებენ. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები იმ მოლოდინებზე საუბრობენ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პირველ ვიზიტთან დაკავშირებით გააჩნიათ. 

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი მიანიშნებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს მოწინავედ მოვიხსენიებთ. მაგრამ რადგან ასეთი ბევრი არ არის, არც ისე რთულია იყო მოწინავე. საქართველომ თავისი სტატუსი რეფორმების გატარებით უნდა დაამტკიცოს. ვიცით, რომ სიტუაცია არ არის მარტივი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით. ბორდერიზაცია და ზეწოლა სერიოზული პრობლემაა. მაგრამ საქართველომ წინსვლა უნდა გააგრძელოს. ახალმა პრეზიდენტმაც და მთავრობამაც ეს უნდა დაამტკიცონ ადგილზე თავიანთი ქმედებებით. ველით რომ საქართველო ზუსტად ამას გააკეთებს,“ - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდიე რეინდიერსი საქართველოსთან მჭიდრო კავშირების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ბელგიას საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით კარგი პარტნიორობა აკავშირებს. 

„ვცდილობთ ერთობლივი მუშაობა გავაგრძელოთ, არამხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირს, არამედ საქართველოსა და ნატოს შორისაც. როგორც იცით გვაკავშირებს კარგი პარტნიორობა საქართველოსთან სხვადასხვა კუთხით, მათ შორის სამხედრო მისიებში ჩართულობით,“ - აცხადებს დიდიე რეინდიერსი.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მიროსლავ ლაიჩაკი ამბობს, რომ ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველოს მიღწევების შესახებ საუბარი გაიმართოს. 

„ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება პრეზიდენტის ვიზიტი ვისაუბროთ საქართველოს მიღწევებსა და მომავალზე. აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დაწყების მეათე წლისთავს. საინტერესოა საქართველოს მხრიდან იმის მოსმენა, როგორ ხედავს ამ პროგრამის მომავალს. რაც შეეხება თანამშრომლობას, პროცესი წინ მიდის. საქართველო კონკრეტულ შედეგებს აღწევს და საჭიროა ასე გააგრძელოს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, დასკვნა ასახავს იმას, რაც ადგილზე ხდებოდა,“ - ამბობს მიროსლავ ლაიჩაკი.

 

დღის ამბები