08 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
"სამხარაულის ექსპერტიზა ცუდად ეჩხირება გრუზინსკების მხარეს" - დავით ბაგრატიონ-მუხრნალის ადვოკატი დასკვნის გაყალბებას არ გამორიცხავს 

არ გამოვრიცხავთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაყალბებული იყოს - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატმა განაცხადა.

საუბარია ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სხეულზე ის დაზიანებებია აღწერილი, რომელიც დაზარალებულის მტკიცებით ყოფილმა მეუღლემ მიაყენა.

ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატი ამბობს,რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო „ცუდად ეჩხირება“ საქმეში. ლევან ჩხეიძის თქმით, მას მთავარი კითხვა სწორედ ექსპერტებთან აქვს.

„თუ ქალბატონი ანა 2014 წელს მივიდა საექსპერტო დაწესებულებაში, მას აღენიშნებოდა დაზიანებები, რატომ არ მიმართა ექსპერტმა პოლიციას,“-ამბობს ჩხეიძე.

კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა რომ ბაგრატიონ-გრუზინსკების სასარგებლოდ ექსპერტიზამ დასკვნა გააყალბა, ადვოკატი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული.

„არ გამოვრიცხავთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ სამხარაულის ექსპერტიზა ძალიან ცუდად ეჩხირება გრუზინსკების მხარეს სასამართლოს წარმოებაში. მძღოლმა, რომელმაც შეიტყო „დანაშაულის შესახებ“ , რატომ არ მიმართა პოლიციას და ასევე, არის თუ არა დამნაშავე მძღოლი?“-აცხადებს ჩხეიძე.

მისივე თქმით, როცა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ბაგრატიონ-მუხრანელისთვის მკაცრი სასჯელის დაკისრებას მოითხოვს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ 2014 წელს შესაბამისი დანაშაული 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.

„ქალბატონ ანას მოვუწოდებ, თუ არ აქვს საშუალება აიყვანოს კვალიფიციური ადვოკატი, გამოუშვას ის ადვოკატები და პატარა კონსულტაციას ჩავუტარებთ სამართლის მოქმედებაზე დროსა და სივრცეში,“-განაცხადა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა.

დღის ამბები