07 მაისი 2024,   19:08
ვრცლად
"ეპყრობიან, როგორც ტერორისტებს" -ლაშა ჩხარტიშვილს "დირსში" შეჭრილი დევნილებისთვის პლედების შეტანის უფლება არ მისცეს

ლეიბორისტული პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას დირსის კორპუსში შეჭრილი დევნილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დევნილებს, რომლებიც 4 დღეა, კორპუსში იმყოფებიან, არ აქვთ ელემენტალური პირველადი მოხმარების ნივთები.

მან დღეს ადგილზე პლედები მიიტანა, თუმცა, მისი შეტანა კორპუსში ვერ შეძლო, რადგან შენობაში პოლიციამ არ შეუშვა. 

მოგვიანებით ლაშა ჩხარტიშვილის მიერ ადგილზე მიტანილი პლედები დევნილებს თავად სამართალდამცავებმა მიაწოდეს.

„კატეგორიული მოთხოვნა რჩება ძალაში, ხელისუფლებამ შეასრულოს ამ ადამიანების მოთხოვნები, მათი საცხოვრებლებით უზრუნველყოფა და დაიწყოს მათთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები. მოხსნას ბლოკადა და არ იყოს ყოველი პირველადი მოთხოვნადი ნივთების შეტანა ჩხუბის, დავიდარაბისა და დავის საგანი, როგორც ჩვენ დაგვჭირდა, რომ პლედი მიგვეწოდებინა. ასევე ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ, ვისაც რითი შეუძლია, პირველადი მოხმარების საგნები მოუტანონ იმიტომ, რომ ცივა და როცა რაღაცის დაწვაზეა საუბარია, ეს არის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა. ეპყრობიან, როგორც ტერორისტებს საკუთარ მოქალაქეებს. ეს არის სირცხვილი,“ - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვიმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დევნილების მიერ ხელისუფლებისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. 300-მდე დევნილი კვლავაც დირსის დასახლებაში რჩება. ისინი ადგილზე მედიისა და უფლებადამცველების შეშვებას ითხოვენ. ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ ადგილზე მისვლას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გეგმავს. სავარაუდოდ, გიგა გიორგაძე დევნილებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს.

დევნილებმა საცხოვრებელი კორპუსი 4 დღის წინ დაიკავეს. დირსის ტერიტორია სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული.  

ამავე თემაზე
დღის ამბები