08 მაისი 2024,   07:07
ვრცლად
ტრაგედიის მესამე დღე - "ტრანსმშენის" თანამშრომლებმა ინსპექტირების ჯგუფი ტერიტორიაზე არ შეუშვეს და სავარაუდოდ, კვალის წაშლა სცადეს

მრავლობითი დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს 4 მუშა გადაიყვანეს, რომლებიც სამშენებლო ობიექტზე იყვნენ დასაქმებული. ბოლო 48 საათის განმავლობაში ეს მშენებლობაზე მომხდარი მეორე ინციდენტია.

საგანგაშოა ის სტატისტიკა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარემონტო, ან სამშენებლო სამუშაოების დროს მუშების დაშავების, ან კიდევ უფრო მძიმე - გარდაცვალების, ფაქტებს მოიცავს.

სახალხო დამცველის მონაცემებით, 2019 წელს დაშავებულ მშენებელთა რაოდენობა გაორმაგდა. 47-დან 59-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი. მძიმე შედეგებით დაიწყო წლევანდელი წელიც - პირველი სამი თვის განმავლობაში მშენებლობებზე 9 ადამიანი გარდაიცვალა.

მესამე დღეა, სამშენებლო კომპანია ტრანსმშენი ჭავჭავაძის გამზირზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დუმს. გაირკვა, რომ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მისული ინსპექტირების ჯგუფი სამშენებლო მოედანზე არ შეუშვეს.

ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ კომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის დამალვას ცდილობდნენ.

ტრანსმშენს, სავარაუდოდ, მხოლოდ ფინანსური სანქცია არ დაეკისრება. გამოძიება ტრაგედიაში დამნაშავე პირების გამოვლენას ცდილობს.

განცხადებაში, რომელიც მშენებელმა კომპანიამ გუშინ გაავრცელა, ეწერა, რომ პასუხისმგებლობა მიწის ჩამოწოლაზე ქვეკონტრაქტორ ხიმინჯ სერვის ეკისრებოდა, თუმცა, ხიმინჯ სერვისში ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებაზე მონიტორინგი დამქირავებელ კომპანიას ევალებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მიწა იმის გამო ჩამოიშალა, რომ სამშენებლო კომპანიამ ფული დაზოგა და საძირკველის გამაგრების პროცესში მიწა ნახევრად მოჭრა.

ტრაგედიის ბოლო შემთხვევამ სამოქალაქო საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა და ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის ეთქვათ, რომ ათასობით ადამიანის მკვლელობაში დამნაშავე მთავრობაა.

მშვიდობიანი პროტესტი ტრადიციულად ისევ დაკავებებით დასრულდა. მიუხედავად დიდი თხოვნისა და სურვილისა, აქციის მონაწილეებს არც არავინ შეხვდა.

ყოველი ტრაგედიის დროს მწვავე პოლიტიკური განცხადებები და კანონის გამკაცრების დაპირება ისმის, თუმცა, შედეგი საპირისპიროზე მეტყველებს. წლიდან წლამდე საქართველოში გარდაცვლილი და დაშავებულები მუშების რიცხვი იზრდება.

დღის ამბები