27 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
ნატო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას აძლიერებს - ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრები ღონისძიებათა ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ

ნატო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას აძლიერებს. ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ღონისძიებათა ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული პაკეტი კი საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პაკეტი გააუმჯობესებს ნატო-ს ინფორმირებულობას რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.

შეთანხმების მნიშვნელობაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ღონისძიებათა პაკეტი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას გააძლიერებს.

„შევათანხმეთ ღონისძიებათა პაკეტი სიტუაციაზე ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად და საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა, პორტებში ვიზიტები, სწავლებების ჩატარება და ინფორმაციის გაცვლა. ეს გააძლიერებს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. ახლა ნატო-ს ერთ-ერთი საზღვაო სამხედრო ჯგუფი შავ ზღვაში პატრულირებს. დღეს ის უკრაინულ და ქართულ გემებთან ერთად წვრთნას ატარებს. კვლავ ყურადღებით ვიქნებით ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონის მიმართ და ყოფნასაც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ევროპის საერთო უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის უსაფრთხოებას, ვაშინგტონში განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამის შესახებ „კურიერთან“ ინტერვიუში ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა, ფრედ კემპემ განაცხადა.

„შავ ზღვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. თუ შევხედავთ ნატო-ს გაფართოებას, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ნატო და აშშ ყურადღებას აქცევენ შავი ზღვის რეგიონს, მაგრამ უფრო მეტად უნდა მიაქციონ,“ - აღნიშნა ფრედ კემპემ.

ვაშინგტონის მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მოსკოვის მიერ საშუალო და მცირე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაა. ალიანსმა რუსეთის ფედერაციას პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. აშშ კი 6 თვის ვადაში ხელშეკრულებიდან გასვლით დაიმუქრა, თუკი მოსკოვი პირობებს არ შეასრულებს.

ალიანსმა დღესვე მოუწოდა მოსკოვს, გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული გემები და მეზღვაურები.

მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საკმაოდ აქტუალურია თურქეთის თემა. ანკარა დღეს ალიანსში სერიოზული უთანხმოების მიზეზია, რუსეთისგან სარაკეტო სისტემის ყიდვის და F35-ის ამერიკული პროგრამის რისკის ქვეშ დაყენების გამო.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა სახელმწიფო დეპარტამენტში დილიდან დაიწყო. სხდომის დასაწყისშივე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მისასალმებელ სიტყვაში ახსენა ალიანსის გაფართოება და მისი ახალი წევრი - მაკედონია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მინისტერიალი ამ დრომდე გრძელდება. დაახლოებით, საათ-ნახევარში გენერალური მდივანი შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.

დღის ამბები