09 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
გაუგებარია მუქარა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ათეული წლებია აშშ-ში უფრო მკაცრი ფორმით არსებობს - ირაკლი ზარქუა სენატორების წერილზე

"პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ. გაუგებარია ის მუქარები იმასთან დაკავშირებით, იმ კანონს ნუ მიიღებთო, რომელიც ათეული წლებია აშშ-ში უფრო მკაცრი ფორმით არსებობს" - ასე გამოეხმაურა პარტია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აშშ-ის 14 სენატორის წერილს, რომელშიც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი.

როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, თავადაც მიესალმება აშშ-თან ურთიერთობის გადახედვას, უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობებისა და ინვესტიციების ჩადების კუთხით.

"პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ. გაუგებარია მუქარა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ათეული წლებია აშშ-ში უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. თან, გვეუბნებიან, რომ გადაიხედება ურთიერთობებიო. სიმართლე გითხრათ, მე პირადად გამიხარდება, თუ იმ პოზიციას და პოლიტიკას შეცვლიან, რაც აქამდე აქვთ საქართველოსთან მიმართებაში. სტრატეგიული პარტნიორები გვქვია და დღემდე არ აქვს საქართველოს უვიზო მიმოსვლა აშშ-თან, დღემდე არ აქვს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს, რომ თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს აშშ-თან. თუ სტრატეგიული პარტნიორი ხარ, ჩადე რა ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში.

მილიარდობით დოლარით აფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რასთან დაკავშირებითაც ქართველმა ხალხმა, ერმა და ბერმა გითხრათ, რომ ამის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდებაო. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან - თავდაცვის მიმართულებით, დიდი მადლობა და დასაფასებელია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მაგარი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობენ ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ. შეცვალეთ ის დაფინანსება - თუ გადახედვაა პოლიტიკის, ჩვენც ამისკენ მოგიწოდებთ. ამის გამო თუ გვემუქრებით და გვტუქსავთ, ეს უსამართლობაა," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები