08 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
ხულოს მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ირაკლი ჯორბენაძე იბრძოლებს

გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხულოს მერობისთვის შუალედურ არჩევნებში ირაკლი ჯორბენაძე იბრძოლებს.

ის ხულოს თეატრის შენობაში მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ წარუდგინა.

მხარდამჭერებს მიმართეს გაერთიანების სხვა ლიდერებმაც და იმ გეგმების შესახებ ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავენ.

ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია.

„საპრეზიდენტო კამპანიის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, აღმავლობის გზაზეა და ჩვენ ვბრუნდებით ხელისუფლებაში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ მოვიგოთ არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის ეს შუალედური არჩევნები და შევიყვანოთ ყველგან ადგილობრივ თვითმმართველობაში ისეთი პატიოსანი ხალხი, როგორიც ირაკლი ჯორბენაძეა, რომელსაც მთელი ხულო იცნობს. ადამიანი, რომელიც ვერც შეაშინეს, ვერც დაამცირეს და რომელმაც ლომივით იბრძოლა საპრეზიდენტო კამპანიის დროს,“ - განაცხადა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ძალა ერთობაშიას ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ. 

შუალედური არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა თავად ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ძალა ერთობაშია.

ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შანსი მაღალია.

„შანსი იმისა, რომ ჩვენ ეს არჩევნები მოვიგოთ, ძალიან მაღალია. ამიტომ ვიბრძვით ბოლომდე და ჩვენ ამ არჩევნებით, საბოლოო ჯამში, საქართველოში გადავტეხავთ ივანიშვილის მავნებლურ ხელისუფლებას,“ - განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.

ირაკლი ჯორბენაძის შესახებ საუბრობს პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელი, მურმან დუმბაძე, რომელიც აცხადებს, რომ  ოპოზიციის კანდიდატი უალტერნატივოა.

„ის აქტიური კაცია, კარად იცის, მთლიანად აქვს შესწავლილი მისი დღევანდელობა, შესაძლო პერსპექტივები, პოტენციალი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ის არის უალტერნატივო და განსაკუთრებით მის მთავარ ოპონენტთან, ქართული ოცნების წევრთან რამდენიმე თავით მაღლა დგას,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

დღის ამბები