27 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
პენიტენციური დაწესებულება საცხოვრებელი კორპუსების წინ - რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტი

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა მათი კორპუსების წინ ციხის მშენებლობას აპროტესტებს. საცხოვრებელ სახლებთან რამდენიმე მეტრში პენიტენციური დაწესებულების აშენების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ ისე მიიღო, რომ არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც მოსახლეობა, საქმის კურსში არ ჩაუყენებია. მოსახლეობა ამბობს, რომ ტერიტორიაზე ციხის აშენების შესახებ, რამდენი დღის წინ შეიტყვეს. 

ტერიტორია, სადაც ციხე უნდა აშენდეს უკვე შემოღობილია. ღობეს და საცხოვრებელ კორპუსებს შორის დაშორება, დაახლოებით 15 მეტრია. ადგილობრივი მცხოვრებლები პენიტენციური დაწესებულების აშენების გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებენ და მთავრობას გადაწყვეტილების გადახედვას ურჩევენ. 

„15 წლის ბიჭი მყავს შვილიშვილი. ბავშვი რომ სახლიდან გამოვა და ამ სეტკის აქეთ პატიმარს დაინახავს, ეს სასიამოვნოა?“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებმა აქციაც გამართეს, სადაც რუსთავის მერიც იმყოფებოდა. როგორც ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, შენობის აშენების შესახებ ინფორმაცია მანაც, მოსახლეობასთან ერთად შეიტყო.

„ფაქტიურად, ერთობლივად გავიგეთ ეს ყველაფერი. სამუშაოების მიმართულებაზე, რაც პირველ დონეზე შესრულდა ის სამუშაოები, მიწის მოსწორებით სამუშაოებზე არის საუბარი, არ იყო და ამ პროექტით, მე როგორც ვიცი, ჯერ არ არსებობს და პროექტირებასთან ერთად მიდის აქ მშენებლობა. ის კვლევა და ის რაც შეიძლება, რომ მოსახლეობას ზიანი მიაყენოს და ქალაქის განვითარებას, ეს კვლევა არ ჩატარებულა. ეს კვლევა რომ ჩატარებულიყო, თავისთავად, საქმის კურსში იქნებოდა მოსახლეობაც“ - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

 

 

დღის ამბები