27 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
თუ ვერ ნახავთ ჩემი მუხლით გასამართლებული ადამიანებზე გაფორმებულ გირაოს, ჩემი ფეხით წავალ გლდანის საპატიმროში - ჯიბღაშვილი 

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, საზოგადოების კრიტიკის გამო დამატებით განმარტებებს აკეთებს.

საუბარია შს სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ნაცნობობისა და მისი გირაოთი გათავისუფლების შესაძლო კავშირზე.

ბრალდებული მსახიობი ამბობს, რომ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან ნაცნობობა პირადი ინტერესებისთვის არ გამოუყენებია.

ჯიბღაშვილი დარწმუნებულია, რომ ადგილი არ ჰქონია შერჩევით სამართალს, რადგან მისი გათავისუფლება პრეცედენტული არ ყოფილა და მსგავსი ბრალდებით დაკავებული პირები სხვა დროსაც გაუთავისუფლებიათ.

ჯიბღაშვილი ამბობს, რომ თუ შერჩევითი სამართალი დადასტურდება, მზად არის ციხეში დაბრუნდეს.

„რომ არ იყო გრამაჟობა დადასტურებული, საზოგადოებაში ჩემდა სამწუხაროდ გამოიწვია, რომ დიდი ოდენობით ამოუღეს ჩანთიდან. ყველას წარმოდგენა შეექმნა, რომ ეს იყო კილოგრამები თუ არ ვიცი რა იყო. მაგრამ რეალურად ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეს იყო 0,5 გრამი, რომელიც სამართლებრივად ნიშნავს დიდ ოდენობას. პირადი მოხმარებისთვის კი. ჩემს შემთხვევაში არანაირად არ ყოფილა შერჩევითი სამართალი და არც კანონი. იყო ჩვეულებრივი, რიგითი საპროცესო სასამართლო პროცესი, სადაც როგორც არაერთ ადამიანს, საბედნიეროდ სხვას, გაუფრომდა გირაო. თუ თქვენ ვერ ნახავთ ჩემი მუხლით გასამართლებული ადამიანების ან ჩემზე მძიმე მუხლით ნარკოდანაშაულზე გასამართლებული ადამიანებზე გაფორმებულ გირაოს და საპროცესოს, თუ თქვენ ვერ ნახავთ, ჩემი ფეხით, მეორე წუთას  ავდგები და წავალ გლდანის საპატიმროში,“-განაცხადა ჯიბღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ჯიბღაშვილისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. საქმის მოსამართლემ კი მსახიობს 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ლევან ჯიბღაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა რა ნარკოტიკი ამოიღეს სამართალდამცველებმა მსახიობის ავტომობილიდან. ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში არ საჯაროვდებოდა ნარკოტიკული საშუალების ოდენობაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები