09 მაისი 2024,   03:16
ვრცლად
"უკიდურესად დამაზიანებელი" - სამადაშვილი საქართველოსთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივას ეხმაურება 

„ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა "თიბისისთან" და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებული ინიციატივის შეფასებისას გააკეთა. 

საქმე ეხება "რესპუბლიკელი" კონგრესმენის, მარკვეინ მალინი მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სანქციები უნდა დაუწესდეს საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნესოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა საქართველოში შექმნილ მძიმე ბიზნეს გარემოს უკავშირდება. მთავარ მაგალითად სამადაშვილს "თიბისი ბანკის" საქმე მოჰყავს, რამაც მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი სერიოზულად დაზიანდება, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი.

„ამ კანონპროექტის გააქტიურება გამოიწვია იმ მოვლენებმა, რომელიც შეიქმნა "თიბისისთან" და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ რეალურად საფრთხე შეექმნა მორიგ ჯერზე დასავლურ ინვესტიციებს ჩვენს სახელმწიფოში და სწორედ ეს არის შედეგი. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, ამ კანონპროექტს მიიღებენ თუ არ მიიღებენ კონგრესში, მისი არსებობა უკვე თავისთავად შეიძლება ითქვას, რომ არის უკიდურესად დამაზიანებელი საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები