08 მაისი 2024,   17:17
ვრცლად
დაპირისპირება "ოცნების" მხარდამჭერებსა და ია კერზაიას შვილს შორის - აქტივისტები შენგელაიას ტრაგედიით სპეკულირებაში ადანაშაულებენ

ტრაგედიით სპეკულირებაში ქართული ოცნების აქტივისტები ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს ადანაშაულებენ.

დაპირისპირება ოცნების მხარდამჭერებსა და ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას, შვილს შორის სოფელ დარჩელში მოხდა, სადაც მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა.  

ოცნების აქტივისტებმა ბაჩანა შენგელია ტრაგედიით სპეკულირებაში დაადანაშაულეს და უთხრეს, რომ დედის საქმეს ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი ამაში ხელს უწყობენ.

ბაჩანა შენგელია კი დაინტერესდა, ვის პოლიტიკურ შურისძიებას შეეწირა ია კერზაია და რატომ. ეს კითხვა დაუსვა კერზაიას შვილმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, გეგა შენგელიას. მწვავე კითხვამ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი აქტივისტები გააღიზიანა.

მერობის კანდიდატის პასუხები და არგუმენტები ბაჩანა შენგელიასთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა. ია კერზაიას შვილი აცხადებს, რომ ამ საქმეს კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს და პასუხისმგებლობა ამ დამნაშავეების დასახელებასა და დასჯაზე ოცნების ხელისუფლებაზეა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, 5 თვის წინ ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. ოჯახის ამტკიცებს, რომ დაავადება კერზაიას არჩევნების დროს მასზე განხორციელებული ტერორის გამო განუვითარდა.

გარდაცვალებამდე ინტერვიუში კერზაია საჯაროდ ამტკიცებდა, რომ რეპრესიების მსხვერპლია და მმართველი პარტია მას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობას აიძულებს.

დღის ამბები