09 მაისი 2024,   03:40
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტის, პაატა აბჟანდაძის, სახელით დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს.

მას უთხრეს, რომ აბჟანდაძის დავალებით ნივთი უნდა გადაეცათ. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ შვილმკვდარი მამების აქციას აბჟანდაძე სისტემატიურად საყოფაცხოვრებო ნივთებით პერიოდულად ეხმარებოდა, ამიტომ ეს ზარი არ გაჰკვირვებია. თუმცა, როგორ გაირკვა, ზარის ავტორი პაატა აბჟანდაძე არ ყოფილა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პროვოკაციის მოწყობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადრეც რამდენჯერმე სცადა, თუმცა, აგენტ-პროვოკატორებს შეხვედრაზე ყოველთვის უარს ეუბნებოდა.

სატელეფონო ზარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგ პროვოკაციას უწოდებს პაატა აბჟანდაძე. სწორედ ის ეხმარებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს სტრასბურგში ვიზიტის დაგეგმვაში.

შვილმკვდარ მამებს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე კი თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც ეწერა, რომ ოთხკაციან ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც იყვნენ.

ქრონიკა პლუსის ხელმძღვანელი, ელისო კილაძე, ამბობს, რომ მსგავსი პროვოკაციებით ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის დაკავება სურს, რადგან ის ბოლო პერიოდში ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხარდამჭერ კამპანიაშიც მონაწილეობს. პაატა აბჟანდაძე კი საქართველოსი დაბრუნებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გეგმავს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე ჯერ მოკვლევა არ დაწყებულა.

დღის ამბები