08 მაისი 2024,   23:20
ვრცლად
აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები - რიჟვაძემ საჯარო მოხელეებს "პარაზიტები" უწოდა და განსასჯელის სკამით დაემუქრა

აჭარის მთავრობის მეთაური საჯარო მოხელეებს ემუქრება. თორნიკე რიჟვაძე პატიმრობას ჰპირდება ყველას ვინც კორუფციაში იქნება მხილებული.

განსასჯელის სკამით თორნიკე რიჟვაძე საჯარო მოხელეებს მთავრობის გასვლით სხდომაზე დაემუქრა. ხმაურიანი განცხადებით აჭარის მთავრობის მეთაურმა პრაქტიკულად აღიარა, რომ რეგიონებში კორუფციაა და საჯარო მოხელეები ქრთამს იღებენ. "პარაზიტები" საჯარო მოხელეების ნაწილს თორნიკე რიჟვაძემ დღეს ორჯერ უწოდა.

რიჟვაძემ წამზომი დღევანდელ სხდომაზე ჩართო და რამდენიმე დღეში საკადრო ცვლილებები დააანონსა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

ნაციონალურ მოძრაობას აჭარის პროკურატურაში 20-მდე განცხადება აქვს შეტანილი და სხვადასხვა სავარაუდო კორუფციული გარიგებების გამოძიებას მოითხოვს. მათ შორისაა სარფში ნაპირსამაგრ სამუშაოებზე დახარჯული რამდენიმე მილიონი ლარი, როდესაც ფულიც და შეკეთებული გზაც წყალმა წაიღო. დანიური ძროხებში გადახდილი ნახევარი მილიონი ლარი, როდესაც ჩამოყვანილი პირუტყვი დაიხოცა და ჩაქვის სოციალური სახლის "ასაშენებლად" დახარჯული ათობით ათასი ლარი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხმაურიანი განცხადებები აჭარაში კორუფციას ვერ შეამცირებს.

კორუფციას ნეპოტიზმთან და უმოქმედობასთან ერთად მთელი ქვეყნის და განსაკუთრებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამოწვევად ასახელებს არმაზ ახვლედიანი.

ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის განცხადებით, რიჟვაძე, რომელიც უფროსების დავალების შესრულებას ცდილობს, კორუფციაზე ხმამაღალი განცხადებებით რეალურად საზოგადოებას მხოლოდ დასცინის.

აჭარაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე, დარწმუნებულია, რომ მაღალმთიან აჭარაში ხელისუფლების დაბალი რეიტინგის და არჩევნების წაგების შიშის გამო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზოგადოებისთვის არაფრისმომცემი განცხადებებით თავის დამახსოვრებას ცდილობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები ოპოზიციისთვის ფასადურ განცხადებად რჩება, რადგან მათი მტკიცებით, ვერც რიჟვაძე და ვერც სხვა რეგიონული ხელმძღვანელები გადაწყვეტილებების მიღებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები