09 მაისი 2024,   06:16
ვრცლად
"პრეტენზია უნდა გვქონდეს ჩვენს ხელისუფლებასთან" - ფიქრია ჩიხრაძე გარეჯში შექმნილ ვითარებაზე

"გადაიქცა მექანიკურ საკითხად," - ეს განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ დავით გარეჯის უდაბნოში შექმნილი ვითარების და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას გააკეთა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, გადაცემა არჩევანში საუბრისას ამბობს, რომ დავით გარეჯის უდაბნოში დელიმიტაციაზე საუბარი წლებია, მიმდინარეობს, თუმცა, საკითხი გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

„ეს საკითხი წინ არასდროს არ წასულა - შევარდნაძის დროს მტკივნეული, ასეთი პრობლემური საკითხები გვარდებოდა შევარდნაძის და მამა ალიევის პირადი ურთიერთობის წყალობით. სააკაშვილის დროს გვარდებოდა სააკაშვილის და შვილი ალიევის პირადი ურთიერთობის წყალობით. დღეს მე არ ვიცი, არის თუ არა ვინმე ასეთ ურთიერთობებში ჩვენს მართლა სტრატეგიულ პარტნიორთან,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს საკითხის გააქტიურების მიზნით ჯერ პარლამენტისთვის მიემართა.

„თუ შეცდომაზე შეიძლება, საერთოდ საუბარი, საქართველოს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას დაემართა ის, რომ ამ მნიშნველოვან ამბავში, როდესაც საქართველოს პირველი პირი და აზერბაიჯანის პირველი პირი ხვდებიან, თითქოს, ასეთ მამხილებელ ტონში ითქვა ეს, რომ მოდი, ბოლოს და ბოლოს ამაზე დაიწყოს საუბარი. არადა, თუ ვინმესადმი ჩვენ პრეტენზია უნდა გვქონდეს, უპირველეს ყოვლისა, პრეტენზია უნდა გვქონდეს ჩვენს ხელისუფლებასთან და უნდა ვუთხრათ მას, რომ რა ხდება ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჩიხრაძე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს.

„გული მეთანაღრება და ამ საკითხის ახლა გააქტიურებას ცოტა ამიტომ ვუყურებ სკეპტიკურად. მე მირჩევია, უფრო ჩამოყალიბებული პოზიციის ხელისუფლება იყოს, თუნდაც ვერტიკალი სახელისუფლებო და ოფიციალური თანამდებობის პირებს შეეძლოთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, მე დღეს ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას და შესაბამისად, ცოტა მაშინებს ფორსირება ასეთი საკითხების,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დავით გარეჯის უდაბნოში ვითარება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება. ამ დროისთვის ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უპრეცენდენტო რაოდენობა არის განლაგებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები