09 მაისი 2024,   03:20
ვრცლად
"დაჩქარდეს დემარკაციის პროცესი" - გიდი რუსუდან ჯაფარიძე გარეჯში შექმნილ ვითარებაზე

„ისე ვკარგავთ ყველაფერს, ჩვენი მხრიდან არის - უი, მეგობარია, უი, პარტნიორია, უი, გაზს გვაძლევს და ვკარგავთ, დადგა ჯერი უკვე უდაბნოს მონასტრის დაკარგვის, ფაქტობრივად,“ - ეს განცხადება გიდმა რუსუდან ჯაფარიძემ არჩევანის ეთერში გააკეთა.

რუსუდან ჯაფარიძის თქმით, გაზრდილია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა დავით გარეჯის უდაბნოში. ჯაფარიძე ითხოვს, რომ დაჩქარდეს დემარკაციის პროცესი.

„დაიჯერეთ ხალხო, ლავრამდე ჩამოვლენ. გამოსავალს ვხედავ საზოგადოებრივი აქტივობით... რეალურად, თუ დგას საქართველო იმაზე, რომ უნდა გადაარჩინოს ტურიზმმა, ისტორიულმა ობიექტებმა, ხალხთან ურთიერთობამ, ხალხების ურთიერთობამ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ აგვყავს დავით გარეჯაზე და უი, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში ვართ გვგონია და ავტომატიანი კაცი არ მიშვებს პილიგრიმთან ერთად მონასტრის ტერიტორიაზე, რომელსაც ვუმტკიცებ, რომ მე-6 საუკუნეში დაარსებული მონასტერია და აქ ყვაოდა საეკლესიო ცხოვრება და დგას ავტომატიანი აზერბაიჯანელი, რომელიც მეუბნება, სურათი არ გადაიღოო,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

დავით გარეჯის უდაბნოში ვითარება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება. ამ დროისთვის ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უპრეცენდენტო რაოდენობა არის განლაგებული.

დღის ამბები