09 მაისი 2024,   00:58
ვრცლად
"ყოველგვარი ანალოგია რუსულ ოკუპაციასა და გარეჯში შექმნილ სიტუაციას შორის, არის ის, რაც აწყობს რუსეთს" - გიორგი კანდელაკი

"ყოველგვარი ანალოგია საქართველოს ტერიტორიების რუსულ ოკუპაციასა და დავით გარეჯში შექმნილ სიტუაციას შორის, ეს არის ის, რაც აწყობს ოკუპანტ სახელმწიფოს," - ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი, გადაცემა არჩევანში საუბრისას. 

მისი თქმით, "ამას აკეთებენ ქართული ოცნების სატელიტი, პრორუსული, ექსტრემისტული დაჯგუფებები".

„აზერბაიჯანის ბრალი არ არის ის, რომ როგორც საქართველო, ისე აზერბაიჯანი, იყო ძალით შეთრეული საბჭოთა კავშირში. საქართველოს რომ აერიდებინა თავი საბჭოთა ოკუპაციისთვის დიდი ხნის წინ, ეს პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა,“ - ამბობს კანდელაკი.

მისი თქმით,  პრობლემა პრეზიდენტის დავით გარეჯში ვიზიტიდან ის არის, რომ მან ორივე ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე "სადღეგრძელო" თქვა და მისი განცხადებები არ ჰგავდა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებებს.

კანდელაკი ამბობს, რომ პრობლემა ხელისუფლებაშია, რომელიც ვერ ახერხებს საკითხზე უმაღლეს დონეზე დიალოგის დაწყებას და დინამიკაში გადატანას.   

„მთავარი პრობლემა არის მთავრობა, პრეზიდენტის მიერ თქმა, რომ დემარკაცია უნდა მოხდეს ეს კი არ არის პრობლემა, პრობლემაა სადღეგრძელოებით საუბარი. ეშმაკი დეტალებშია. ეს რთული საკითხია, 2012 წლის პირველ ნახევარში განახლდა ეს საკითხი, მაგრამ უმაღლეს დონეზე დიალოგი დაიძრა და იყო პრაქტიკული შეთანხმება, რომ ადგილზე პრაქტიკული, ხელშესახები პრობლემები არ შექმნილიყო აღნიშნულ ტერიტორიაზე.

"დღეს ეს დიალოგი უმაღლეს დონეზე არ მიმდინარეობს. პროცესი, რომ ჩვენ გვინდა, მოხდეს ტერიტორიების გაცვლა, ამას სჭირდება მაღალ დონეზე, სამინისტროს საშუალო ჩინოვნიკების დონეზე კი არა, უმაღლეს დონეზე დიალოგი და დინამიკა. მნიშვნელოვანია დღეს პროცესი, არამარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არ მიდის წინ, ამაზეა საუბარი,“ - ამბობს კანდელაკი.

დღის ამბები