09 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
"1938 წლის რუკა არის ყველაზე კარგი, მომგებიანი საქართველოსთვის, რამდენადაც იქ საზღვარი გადის არა თხემზე, არამედ ძირში" - ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებს ისტორიკოსი, გარეჯის მკვლევარი, ლადო მირიანაშვილი არჩევანის ეთერში აფასებს

ლადო მირიანაშვილი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის კმაყოფილია. მისი თქმით, საზოგადოების აქტიურობამ ხელისუფლებას მოუწოდა, არასწორი ქმედებების განხორციელებისგან თავის შეკავებისკენ.

„კრიტიკული მომენტი სამოქალაქო საზოგადოებისთვის იყო ის, რომ ის ადგილი, ის ტერიტორია, სადაც უნდა მოხდეს დემარკაცია საზღვრისა, არის შეუთანხმებელი, სადაო ტერიტორია. ნებისმიერი საერთაშორისო კანონების თანახმად კი, შეუთანხმებელ ტერიტორიებზე არ შეიძლება ერთმანეთთან შეუთანხმებელი ქმედებების განხორციელება... უცებ ჩვენ დავინახეთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაჰყავს იქ გზა, ფერდობზე, ზუსტად იმ შეუთანხმებელ ტეროტორიაზე და თან ამბობს, რომ ამის შესახებ მას არანაირი ინფორმაცია არა აქვს. ბუნებრივია, სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა ეს მიიჩნიეს საეჭვოდ და გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა და გადაწყვიტეს, რომ გარკვეული ზემოქმედება და შეხსენება მოეხდინათ მთავრობისთვის, რომ თქვენ იცით რაღაც, შეიძლება ან გეშლებათ, ან რაღაცას გვიმალავთ, ამიტომ, ჩვენ გვინდა, პრინციპულად გაჩვენოთ ჩვენი ძალა და თქვენზე ზემოქმედება მოვახდინოთ. მგონი, ეს იყო ერთერთი ყველაზე კარგი და სწორი ნაბიჯი, რომელმაც იმედი მაქვს, რომ ის არასწორი ქმედებები, რომელიც მიჩქმალვა არის, დამალვა არის, რატომ კეთდება ეს, ეს სხვა საკითხია, ამას მოუღო ბოლო,“ - განაცხადა მირიანაშვილმა.

ლადო მირიანაშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაო ტერიტორიის შესახებ საუბრობს.

„1921 წლის ნოემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება და საზღვარი გატარებული იქნა საქართველოს ყველა ტერიტორიაზე დაიკარგა ჩვენი საინგილო, ისტორიული ჰერეთი, მაგრამ გარეჯის მონაკვეთი დარჩა განხილვის საგნად, შეთანხმება არ იქნა მიღწეული და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც 1924 წლის აგვისტოს ამბოხი ჩავარდა, 1924 წლის ნოემბერში უკვე იმპერატიულად გაატარეს იქ საზღვარი, მარკირება მოახდინეს და საზღვარმა გაიარა ზუსტად უდაბნოს მონასტერზე, მთის თხემზე. საბჭოთა კავშირის პერიოდში საზღვრები იცვლებოდა, ისინი არ იყო ძალიან მკაცრად ფიქსირებული იმიტომ, რომ არ მიაჩნდათ, რომ ეს იყო რეალური საზღვრები. საზღვრების ცვლილება ხდებოდა ან სამხედრო მიზნის გამო ან სამეურნეო მიზნის გამო. შესაბამისად ამიტომ არის, რომ რამდენიმე რუკა არსებობს განსხვავებული მაჩვენებლებით. ამიტომ იქცა ეს სადაო. 1938 წლის რუკა არის ყველაზე კარგი, მომგებიანი საქართველოსთვის, რამდენადაც იქ საზღვარი გადის არა თხემზე, არამედ ძირში,“ - განაცხადა ისტორიკოსმა.

დღის ამბები