27 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
„მიზანმიმართულად გადაწვეს ამ მძორებმა, ამ ფაროსანამ" - აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მოვაჭრეები კვლავ ზარალის ანაზღაურებას, დამნაშავეების დასჯას და სასამართლო პროცესის დროულად დასრულებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აქციების შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. მათი განცხადებით, ამიერიდან ყოველ სამშაბათს ივანიშვილის შუშის სასახლესთან შეიკრიბებიან. ისინი მომხდარს ბიძინა ივანიშვილის ინტერესს უკავშირებენ და ზარალის ანაზღაურებასაც სწორედ მისგან ითხოვენ.

„მიზანმიმართულად გადაწვეს ამ მძორებმა, ამ ფაროსანამ. სანამ არ მოგვშორდება ფაროსანა, ჩვენი საშველი არ იქნება. სული უნდა ამოგვხდეს მაინცდამაინც შიმშილით? ახლა სასამართლო გადაიდო, თუ არსებობს საერთოდ სასამართლო. ეს არის უსამართლობის მადიდებელი, იმას სასამართლო არ უნდა ეწეროს საერთოდ. გვატყუებენ, მიდის დრო და გვატყუებენ. პირველ რიგში, მე დავსაფლავდები იქ და ჩავიყოლიებ ამათაც. მოთხოვნა ის არის ჩემი რომ, თვითონ თავიანთ დანაშაულს ხომ არ აღიარებენ, ზარალი აგვინაზღაურონ ჩვენ,“- განაცხადა დაზარალებულმა, ჯული ელიავამ.

დაზარალებულების უფლებადამცველი კვლავ შენობის განზრახ გადაწვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებებს დანაშაულის გახსნა არ სურთ. 

„ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ განზრახ გადაიწვა. დახურულ სივრცეში განზრახ გადაწვეს და ეს არ შეიძლებოდა, ვიღაც გამვლელ პირს ჩაედინა. აქედან გამომდინარე, არც სასამართლოს, არც პროკურატურას, ისევ ვაცხადებ, ასევე, შსს-ის არ სურს ამ საქმის გამოძიება, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, იმ პირების დასჯა,“ - განაცხადა დაზარალებულების ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შემდეგ უკვე 3 წელი გავიდა, თუმცა პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. 

 

დღის ამბები