27 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
ჯანდაცვის ახალი მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს დავით სერგეენკომ წარუდგინა.

თანამშრომლებთან შეხვედრის დროს ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ყველა დაგეგმილი რეფორმა მაღალი ხარისხით განხორციელდეს და გუნდი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ჩავიბარე მართლაც ურთულესი დარგი და თანაც ყველაზე წარმატებული მინისტრის ყველაზე წარმატებულად შესრულებული რეფორმის შემდეგ, რაც ამ ჩემს პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ ზრდის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დათო იმ პოზიციიდან, სადაც ის ახლა გადაინაცვლებს, პირიქით, ყოველივე ჩვენგანს მხარში დაგვიდგება, ხელს შეგვიწყობს და ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ წინ გველოდება, რა თქმა უნდა, თანმიმდევრული, რა თქმა უნდა, მოთმინებით შესრულებული და მაღალ ხარისხზე იქნება კიდევ უფრო წარმატებული,“ - განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, შეხვედრაზე ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის პოსტზე წარმატება უსურვა.

„ის თემატიკა, რაც ამ სამინისტროს მართვის ქვეშ არის, მოგეხსენებათ, სულ განუწყვეტელ რეფორმებს, ახალ მიდგომებს, ახალ ხედვას, ახალ ენერგიას ითხოვს და ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რაც განხორციელდა დღის განმავლობაში, ნამდვილად მჯერა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იქნება უკეთესობის მომტანი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები