20 აგვისტო 2019,   08:16
ვრცლად
ნუ გვაბრმავებთ! გადადგეს გახარია! - საპროტესტო კოლონა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდა 

შსს-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საგამოძიებო უწყებასთან მსვლელობით მივიდნენ. ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 20 ივნისის აქციაზე დაკავებული მოქალაქეები და დაისაჯონ ის სამართალდამცველები, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბეს. 

მოქალაქეები 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებენ.

საგამოძიებო უწყებასთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციაზე იმყოფებიან რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის ფერეიდნელი ქართველები. 

„ჩვენი გზავნილის ადრესატი არის შს მინისტრი, რომელმაც უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადადგეს, დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ უკვე მართლა ყველანაირ ზღვარს გადაცდა ის დანაშაული, რასაც მისი უწყება ჩადის მისი ხელმძღვანელობით,“ - განაცხადა აქციაზე მყოფმა, ანა სუბელიანმა.

აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლასაც ითხოვენ, რაზეც მმართველმა გუნდმა დღეს თანხმობა განაცხადა. ამასთან „ოცნების“ ლიდერმა, ივანიშვილმა დაამატა, რომ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერი იქნება.

აქციის მონაწილეებს სულ ოთხი მოთხოვნა ჰქონდათ. მათ შორის ერთი - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. ამ მოთხოვნას მმართველი გუნდი საკუთარი წესებით დასთანხმდა. "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ პროპორციული წესით არჩევნები ჩატარდება, მაგრამ 0% ბარიერით. 

დღის ამბები