15 ოქტომბერი 2019,   06:41
ვრცლად
ასობით მანქანა, წითლად შეღებილი ერთი ფარით - ხმამაღალი პროტესტით მსვლელობა შს მინისტრის კაბინეტამდე 

სისხლისფრად შეღებილი, მანქანის ცალი ფარი დღევანდელი მსვლელობის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ავტოკოლონა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაირაზმა და ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტთან გაჩერდებოდა, სიმბოლურად ჩაიარა გამზირზე, სადაც 20 ივნისის, ღამეს სპეცრაზმი ასობით ადამიანს სასტიკად გაუსწორდა და აქციის 305 მონაწილე დააკავა.

ყველა, ვინც დღეს სამუშაო საათებში, მსვლელობაში მონაწილეობა შეძლო, ამბობს, რომ ვერ აპატიებს გიორგი გახარიას საკუთარი მოქალაქეებისთვის ნასროლ ტყვიებს. 

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, უკვე 4 დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. დღეს პროტესტმა ახალი მასშტაბები მიიღო. ქალაქის ცენტრში ნახევარსაათიანი მსვლელობის შემდეგ, ავტოკოლონა გახარიას კაბინეტთან გაჩერდა, საყვირის უწყვეტი ხმით, პროტესტის მონაწილეების შეეცადნენ მათი სათქმელი მინისტრამდე უფრო ახლოს მიეტანათ.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი, გიორგი გახარიასთან დღეს ცალთვალა და ცალფარა ავტომობილით მივიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ფერეიდნელი ქართველებიც შეუერთდნენ.

გულუას მოედნიდან ავტომობილების კოლონა აეროპორტის გზატკეცილისკენ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე შენობისკენ დაიძრა.

დემონსტრანტების შეკრების მთავარ ადგილად კვლავაც რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობა რჩება. მთავარ მოთხოვნად კი - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

 

დღის ამბები