08 მაისი 2024,   07:18
ვრცლად
როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება, გახარიამ კი არა, ვინმე სხვამ გასცა ბრძანება, ესეც არის სახელმწიფოს ეროზია - ნინო გოგუაძე

„ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ამბოხი კონფორმიზმის მიმართ, ამ თვალთმაქცური პოლიტიკის მიმართ,“ - ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი და მათი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისგან რუსი დეპუტატების შემოსვლასთან დაკავშირებით პროტესტს არ ელოდა. 

„რაც არ უნდა მოიფიქრონ, ეს პროტესტი იყო ღირსებაშელახული, თავმოყვარეობაშელახული ადამიანების პროტესტი და ეს ადამიანები იმ დღეს ითხოვდნენ ერთადერთ რამეს, ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის გადადგომას,“ - განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძის თქმით, პარლამენტის წინ მისულებს გულწრფელი რეაქცია ჰქონდათ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული სისასტიკე მომიტინგეების მისამართით ვერანაირად ვერ გამართლდება.

„ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩადგა აღელვებული მოქალაქეების ნაწილსა და სპეცრაზმს შორის და სპეცრაზმს რა უნდოდა საერთოდ პარლამენტის მიღმა. თუ პარლამენტში არ უნდა შეეშვათ ეს ხალხი და, რასაკვირველია, არ იყო სწორი, შიგნით შევარდნის გაფიქრებაც კი, რატომ იყო სპეცრაზმი გარეთ და რატომ არ იყო შიგნით, კარი რომ ჩაეკეტათ, ვინ შეაღწევდა იმ პარლამენტში, ფიზიკურად ვერ შევაღწევდით და ვერანაირი ვერსია ვერ გაამართლებს იმ სისასტიკეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 20- 21 ივნისის ღამეს ჩაიდინა,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

გოგუაძის თქმით, შს მინისტრმა არ თქვა, რომ მან გასცა ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იღებს.

„თუ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, ე.წ. სახელმწიფო რიგითი პოლიციელების თვითშემოქმედების იმედად უნდა იყოს, ასე, რომ თვითონ აიბარდნენ, ასე, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო მესიჯები აქვთ... როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ შეიძლება, გახარიამ კი არა, ვინმე სხვამ გასცა ბრძანება, ესეც არის სახელმწიფოს ეროზია და ესეც არის არაფორმალური მართვის შედეგი,“ - განაცხადა გოგუაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები