09 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
მწერლებისა და პოეტების პროტესტი - აქციის მეთვრამეტე დღეს ტრიბუნას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაიკავებენ

საპროტესტო გამოსვლების მეთვრამეტე დღე დედაქალაქიში - დღეს ტრიბუნა პარლამენტის შენობის წინ მწერლებსა და პოეტებს დაეთმობათ. ორგანიზატორების თქმით კი მშვიდობიანი აქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ დარჩენილი ბოლო მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება და გახარია არ წავა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გახარიამ პირადად უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20 ივნისს დაღვრილ სისხლზე.

„გუშინდელი მარშის შემდეგ დღეს ჩვენ ვრჩებით პარლამენტის წინ. საინტერესო მანიფესტაცია გაიმართება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს გვიერთდებიან მწერლები და პოეტები. მწერლების და პოეტების ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს ძალიან სპონტანური დღის წესრიგი და არ ვიცით ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ სიტყვით თუ თავიანთ შემოქმედებიდანაც წარმოადგენენ. ეს ჩვენ არ ვიცით. ეს იქნება მათ სპონტანურ ემოციაზე დამოუკიდებული. ჩვენ არავის წინასწარ არ ვითანხმებთ,“-განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა სალუქვაძემ.

პარალელურად გრძელდება მოშიმშილეთა აქციაც. აქციის მონაწილეები, რომლებიც გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, ამბობენ, რომ პერიოდულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ისინი იღებენ საკვებს. რის გამოც, მოშიმშილეები ადგილზე იძახებენ სასწრაფოს და ანალიზებით აფიქსირებენ მათ ამჟამინდელ მდგომარეობას.

„დღეს, დილის 11:00 საათიდან დაიწყო ჩემი მეთერთმეტე დღე შიმშილობის აქციის. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაინტერესებთ ალბათ? დამაკმაყოფილებელია, ხშირად ხედავენ ჩემთან სასწრაფო დახმარების მანქანას მოსულებს და ამის გამო უხარიათ ზემოთ, შუშის სასახლეში ვინმეს, არა. მე მონიტორინგს ვიტარებ. რაღაც ჭორები აგორდა, რომ ჩვენ აქ საჭმელს ვჭამთ, კოცონს ვანთებთ საღამოობით, მწვადებს ვწვავთ მაგრამ ისეთი კოცონი არის კვამლი არ ამოდის და ეგეთი რაღაცეები ხდება და ამიტომ მე ვაფიქსირებ, ოფიციალურად ვინახავ ინფორმაციას, რომ ნამდვილად ვარ ჰიპოგლიკემიურ მდგომარეობაში, თუ უნდათ რენტგენზეც გამაშუქონ,“-განაცხადა ვახტანგ სიხარულიძემ. 

დღის ამბები