27 აპრილი 2024,   20:19
ვრცლად
ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა

ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი საქალაქო სასამართლოში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. ხატია დეკანოიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის გამოძიებას მნიშვნელოვანი შეკითხვები არ დაუსვამს. 

მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, 20 ივნისს აქციაზე გამოვიდა თუ არა სიტყვით, რაზეც ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მან გამოკითხვის დროს თქვა, რომ მომიტინგეებს მიმართა. 

„კითხვები ეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას, სად ვიყავი, მივმართე თუ არა სიტყვით აქციას და ა.შ. რაზეც, დიახ, ჩემი პასუხი ასეთია, მე მივმართე აქციას სიტყვით, მე გამოვხატე პროტესტი ისევე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩემი მდებარეობა იყო იქ, სადაც იდგნენ საქართველოს მოქალაქეები. სახელმწიფო გადატრიალებასა და ამბოხზე როდესაც საქმე გაქვს აღძრული, ხომ მნიშვნელოვანი კითხვები უნდა მოისმინო რაღაც, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა მე იქ არ მომისმენია, როგორ იყო ქრონოლოგია, მოგვიყევიო და მოვუყევი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ადვოკატ ალეკო მგელაძის განცხადებით, ხატია დეკანოიძისთვის გამოძიებას ისეთი შეკითხვა არ დაუსვამს, რაზეც ოპოზიციის ლიდერს საზოგადოებასთან ღიად არ უსაუბრია.

„დაკითხვა იყო ძალიან ფორმალური ხასიათის. არავითარი დამაკონკრეტებელი კითხვა იქ არ დასმულა. გარდა იმისა, რაც ქალბატონ ხატიას საზოგადოებრივი ინფორმაციის საშუალებებით ჰქონდა გაცხადებული. დაკითხვა მიმდინარეობდა საკმაოდ ზერელედ, შესაბამისად, თუ რომელ მუხლთან იყო დაკავშირებული დაკითხვა, მაგის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის განცხადებით, გამოძიება ინტენსიურად მიმიდნარეობს, გამოკითხვის შინაარსზე კი გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„გამოძიება დასრულებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ რეჟიმში. ამ ეტაპზე კითხვებზე შინაარსთან დაკავშირებით, ასევე პასუხებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან დაზარალდება გამოძიების ინტერესები. რაც შეხება კონკრეტულად რა შეკითხვები იყო დასმული, ის კითხვები, რომლებიც გამოძიებამ მიზანშეწონილად მიიჩნია“, - აცხადებს პროკურორი, შმაგი გობეჯიშვილი.

ასევე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს გუშინ საღამოს გუბაზ სანიკიძე.

ოპოზიციის ლიდერები, ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე გუშინ დაიბარა. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები