27 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
მარნეულის მერი ისევ სტიქიის ზონაშია, თუმცა დამატებითი ძალების მობილიზება ამ დრომდე არ ხდება

მარნეულის მერი სტიქიის ზონაში უკვე მეორედ ჩავიდა, თუმცა სტიქიის შედეგებს სოფელ ქირაჩმუღლოში დილიდან მოსახლეობა დამუკიდებლად უმკლავდებოდა. ადგილზე ტექნიკა მხოლოდ მას შემდეგ გააგზავნეს, რაც იქ "კურიერის" გადამღები ჯგუფი მივიდა.

მარნეულის მერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახლებში წყალი შევარდა, მოსახლეობას ევაკუაცია არ გახდა საჭირო. მისივე თქმით მთელი მუნიციპალიტეტი ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში.

„ზარალის შეფასების კომისია შექმნილია. ჩვენ დავიწყეთ ზარალის შეფასება, სადღაც 4-5- სოფელშ მოვიდა სტიქია. სხვა სოფლებში, მაგალითად წითელი სოფელი, იქ განადგურებულია სახურავები სადაც ჩვენ პირველ დახმარებად დავარიგეთ სპეციალური ტენტები იქ მუშაობენ ჯგუფები. ჩვენ სახურავებზეც დავეხმარებით მოსახლეობას,“-განაცხადა მარნეულის მერმა. 

ამჯერად სოფელში მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობს, რომელიც არხს ასუფთავებს. მოსახლეობა კი ითხოვს შლამითა და წყლით სავსე სახლებისა და ეზოების გასუფთავებაში დახმარებას. 

„ამხელა სოფელში მარტო ერთი ტრაქტორი მუშაობს და ეს რას დაგვეხმარება. ისიც მშრალ არხს ასუფთავებს. ჩვენ სახლების და ეზოების გასუფთავებას ვითხოვთ. არავინ არ ჩანს. წელს ძლიერი სტიქია იყო, წინა წლებისგან განსხვავებით,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელბარ მუსტაფაევამ.

სოფელში ამბობენ, რომ ისინი დახმარებას დილიდან ითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე დაგვიანებით ჩავიდნენ.

ძლიერმა წვიმამ დააზიანა ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ეზოში ბეტონის ღობე ჩამოიშალა

„კიდევ კარგი ეზოში ბავშვები არ იყვნენ. გუშინ ორ წუთში ეს კედელი მთლიანად ჩამოინგრა. ბეტონის კედელმა მოვარდნილი წყლის შეკავება ვერ შეძლო და ჩამოინგრა,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა სევილ ჯაფაროვამ.

გარდა ამისა, გარკვეული პერიოდით გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები ექმნებათ.

„გუშინ ერთი საათი გადაუღებლად წვიმდა. შემდეგ დიდმა ნიაღვარმა მთელი სოფელი წყლის ქვეშ დატოვა. ეს პრობლემა უკვე რამდენი წელია არსებობს. სოფლის სანიაღვრე არხები არაა სათანადოდ გამტარი. დაგვპირდნენ გავაკეთებთო, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. გუშინ მერმა დაპირებებიც გასცა მაგრამ აქ ახლა მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობს როგორც ხედავთ. სახანძრო მანქანა კი მოვიდა და უკან დაბრუნდა ტალახი რომ დაინახა. რა ვქნათ აღარ ვიცით. შარშან ჩვენი ხარჯით დავასუფთავეთ. წელსაც იგივე პირი უჩანს,“-განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ანარ აბდულაევმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები