09 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
ერთი თვე გავრილოვის ღამიდან - აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება

ერთი თვე 20 ივნისის სისხლიანი ტრაგედიიდან. დღეს, ზუსტად 30 დღე გადის მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გავრილოვის ვიზიტის და რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია.

დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენებით დაშალეს.

დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტი, რამდენიმე ადამიანმა, რეზინის ტყვიების სროლის გამო, თვალი დაკარგა.

სწორედ მათი სოლიდარობის ნიშნად იქცა თვალზე ხელაფარებული გოგონა, ერთთვიანი პროტესტის მთავარ სიმბოლოდ.

უკვე ერთი თვეა, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება. „სირცხვილია,“ - ამ ლოზუნგით ახალგზარდები, გავრილოვის ღამის მთავარი ავტორის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე ყველას, ვისთვისაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით მიუღებელია, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მივაღწიეთ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას, რაც არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და ეს ცვლილება 2020 წლისთვის. მეორე, ასევე მნიშვნელოვანი რამ გიორგი გახარიას გადაყენება, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული, რის გამოც, რა თქმა უნდა, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას. აქ არის 2 მთავარი რაღაც, პირველი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და არ გვინდა რუსეთი და მეორე არის ის, რომ გიორგი გახარიამ დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია და თუნდაც, ორასი ადამიანის გამო, რომელიც ძალადობდა, თუნდაც, რომ მათი ვერსია დავუშვათ, 15 ათასი ადამიანი დაარბია და სახურავებიდან აგდო და თვალები ამოთხარა. ვერ წარმომიდგენია, ამ ორ რაღაცაზე განსხვავებული აზრი, როგორ უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ არ უნდა რუსეთი და რაც გიორგი გახარიამ 20-ში გააკეთა, არის კატასტროფა, არანაირ არაფერში არ ჯდება, არის სრულიად არალეგიტიმური, გამოვიდნენ დღეს 19:00 საათზე და შემოგვიერთდნენ რუსთაველზე,“ - ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

ერთთვიანი აქციის მიღწევაზე ისაუბრა სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ რუხაძემ, რომელიც ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო და პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.

ამას გარდა, ნოდარ რუხაძე შს მინისტრს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

„ჩემი აზრით, უკვე ისტორიული მიღწევა არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ ის, რომ 2020 წელს არჩევნები ტარდება პროპორციული სიით. რაც შეეხება, მესამე პირობას, ჩვენ ყველა იმ ადამიანს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რიგით მოქალაქეებს, ექიმებს, აბსოლუტურად ყველას, ვინც 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიას მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად დაზარალდა და საკუთარი ჯანმრთელობა დაიზიანა, ჩვენ ყველას, მათ, მივეცით პირობა, რომ არ გავჩერდებოდით მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგებოდა. დღეს, ერთი თვის თავზე ჩვენ ამ პირობას ისევ ვასრულებთ და ვაპირებთ, რომ ჩვენი ბრძოლა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ბოლო მიზანს არ მივაღწევთ. ერთი თვის თარიღი არის მართლაც მნიშვნელოვანი და ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას გავაგონოთ კიდევ უფრო ხმამაღლა ახალგაზრდების და ზოგადად, მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტის ხმა,“ - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

დღის ამბები