27 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
ხელისუფლება ცდილობს დააწესოს ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება - ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებზე

ხელისუფლება ცდილობს დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება, - ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„ხელისუფლება ცდილობს დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება ასევე ფაქტობრივად შეზღუდოს მაუწყებლები,რადგან შედის რეკლამის შინაარსში. პოლიტიკურ პარტიებს აღარ აძლევს შესაძლებლობას, რომ ანტირეკლამა გამოიყენოს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე.

ყველა მარეგულირებელი ორგანო კონტროლდება მათ მიერ და ცხადია მათ აამოქმედებენ, როცა საქმე შეეხება ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკას,“-ამბობს ბოკუჩავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს აკრიტიკებს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელიაც. მისი შეფასებით, ცვლილებების პროექტში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი დაინტერესებულ მხარეს ფართო ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს.

„არ არის დაზუსტებული რა არის სიძულვილის ენა და როგორი ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს არასწორად. ამიტომ ასე დატოვება ამ ჩანაწერის განუმარტებლად, ორაზროვანია, ძალიან დიდი დისკრეციის მიმცემია, ამიტომ სახიფათოა და უნდა შეიცვალოს,“-აცხადებს ბესელია.

”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაც თვლის, რომ იზღუდება როგორც პოლიტიკური პარტიების გამოხატვის თავისუფლება, ასევე იზღუდება მედიის თავისუფლება. ხვიჩია ამ ცვლილებებს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გატარებად მიიჩნევს. მისი თქმით, სწორედ ეს პუნქტია კანონპროექტში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაწილი.

დღის ამბები