27 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
"ვიღაც ჯამბაზი სისულელეს იტყვის, გამოვიდე და თავი ვიმართლო მგონი, არასერიოზულია" - კალაძე ყურმოჭრილი ბიზნესმენის გაკოტრების საქმეზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს

დედაქალაქის მერი კომპანია "ნილის" გაკოტრებაში მერიის მონაწილეობას გამორიცხავს. კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საკვებით უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ, კომპანიისთვის ფასების დადგენა კი მის კომპეტენციაში აღარ შედიოდა. 

საქმე ეხება, კომპანია "ნილის" არაფორმალური მმართველის ირაკლი გიორგობიანის საქმეს, რომელსაც კრიმინალური გარჩევის დროს ყური მოაჭამეს. გარჩევის მიზეზი, სწორედ ის ვალი გახდა, რომელიც "ნილმა" საბავშვო ბაღების მომარაგებისთვის შპს "გიგანისგან"აიღო. 

გიორგობიანის მამა ამბობ, რომ კომპანიის გაკოტრების მიზეზი სწორედ ის მაღალი ფასები იყო, რომელიც მერიამ ბაღების საკვების უზრუნველყოფისთვის "ნილს" დააკისრა. 

კახა კალაძე კი ამბობს, რომ ფასებს მერია არ აწესებს, არსებობს ტენდერი, სადაც ყველა დეტალი გაწერილია. ქალაქის მერი ოპონენტებს ჯამბაზებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულად მიაჩნია.

„ჩვენ რა, მერია რა, ჩვენთვის მთავარი არის ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეს საკვების თვალსაზრისით. მერია არ აწესებს ფასებს,  ტენდერი ცხადდება და ტენდერის საფუძველზე ხდება. ამ ქვეყანაში ხომ ვცხოვრობთ, მარტივია ამ ყველაფრის მოძიება. ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი სისულელეს იტყვის  და მე გამოვიდე და თავი ვიმართლო მგონი, არასერიოზულია,“-ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, კომპანია "ნილი" სკანდალში არაერთხელ გაეხვა. 2019 წელს კი ამ კომპანიამ უარი განაცხადა საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებაზე და თქვა, რომ სატენდერო ფასი ძალიან დაბალი იყო. 2019 წელს საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, თუმცა საბოლოოდ მონაწილეობა ისევ "ნილმა" მიიღო, რის შემდეგაც მისი გაკოტრება დაიწყო. რა გახდა ოფიციალურად კომპანიის გაკოტრების მიზეზი გიორგობიანს არ უსაუბრია. 

დღის ამბები