27 აპრილი 2024,   20:30
ვრცლად
პოლიტიკური ჯილდო - ნუკრი ხასია, რომელიც ივანიშვილისთვის ხეებს ეძებდა და მათ გადატანას უზრუნველყოფდა გუბერნატორი მოადგილედ დანიშნეს

ჯილდო ასწლოვანი ხეების გადატანისთვის - ნუკრი ხასია დღეს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს.

„ქართუ ჯგუფის“ ყოფილი თანამშრომელი, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ასწლოვან ხეებს ჯერ ეძებდა, შემდეგ მფლობელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ შეკვეთილში ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფდა.

გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი და ჩაჭრილი ელექტრო სადენები - "კურიერის" არქივში უამრავი კადრია, რომელიც სამეგრელოდან ნუკრი ხასიას მიერ ხეების გადატანის პროცესს ასახავს. ხეების ტრანსპოტირების გამო ადგილობრივი მოსახლეობა არაერთხელ დარჩა დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე. შეფერხდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გაჩერდა რკინიგზა და დაზიანდა გზები.

ნუკრი ხასია არ მალავს, რომ ასწლოვანი ხეების გადატანას ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში თავად ხელმძღვანელობდა, თუმცა დაწინაურებას ამ ფაქტს არ უკავშირებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ამტკიცებს, ნუკრი ხასიას ამ საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა და მისი კანდიდატურა მოადგილედ წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო შეირჩა. ალექსანდრე მოწერელია არ ამბობს, ვისი ინიციატივა იყო ხასიას გუბერნატორის მოადგილედ დანიშვნა.

ბიძინა ივანიშვილმა გუბერნატორის ერთ-ერთ მოადგილედ პირადი მოურავი დანიშნა- აცხადებენ ოპოზიციაში და რეგიონში საკადრო ცვლილებებს ნეპოტიზმის ღია დადასტურებად მიიჩნევენ.

ალექსანდრე მოწერელიას დღეიდან კიდევ ერთი ახალი მოადგილე ყავს. დავით ვერავა, ზუგდიდის ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის წევრი იყო. კურიერის ინფორმაციით იგი ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის ახლო ნათესავია.

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები