07 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ე.წ საყარაულო სერზე არქეოლოგებმა ნამოსახლარი აღმოაჩინეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ე.წ საყარაულო სერზე არქეოლოგებმა ნამოსახლარი აღმოაჩინეს. ადგილზე დიდი რაოდენობით კერამიკის ფრაგმენტები იპოვეს.

დაახლოებით, კვადრატის ფორმის ნაგებობა არქეოლოგების ვარაუდით, გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის პერიოდისაა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ე.წ საყარაულო სერზე და მის გარშემო პერიმეტრზე კიდევ რამდენიმე მსგავსი ნაგებობაა აღმოჩენილი.

სახელმწიფოებრივი გაერთიანების დამადასტურებელ მასალებს არქეოლოგები ამ პერიმეტრზე 30 ივლისიდან აგროვებენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასწავლო არქეოლოგიურ კვლევითი პროექტი - "კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან" უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ე.წ ნაზარლების ნამოსახლარი, რომელიც მიმდინარე ექსპედიციის მახლობლად მდებარეობს. 2018 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოიკვეთა სამლოცველო ნაგებობა, რომელშიც ბრინჯაოს განძიც ინახებოდა.

ე.წ საყარაულო სერზე სამუშაოები ქართულ-გერმანული თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალეს უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ამ კონკრეტულ მონაკვეთზე თითქმის ორი კვირაა რაც ერთობლივად მუშაობენ.

ამ პროექტზე მუშაობა 24 აგვისტომდე გაგრძელდება, თუმცა კიდევ უფრო მაშტაბურ არქეოლოგიურ სამუშაოებს სპეციალისტები მომავალი წლიდან გეგმავენ.

დღის ამბები