09 მაისი 2024,   03:57
ვრცლად
ხმაური საკრებულოში - ოპოზიცია იუსტიციის სახლის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობასა და კახეთის გზატკეცილზე უხარისხოდ შესრულებული საგზაო სამუშაოებს აპროტესტებს 

ხმაური თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე - ოპოზიციასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კამათის მიზეზი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა და კახეთის გზატკეცილზე უხარისხოდ შესრულებული საგზაო სამუშაოები გახდა.

აღნიშნული საკითხები სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დააყენა. ხაბეიშვილის თქმით, გზის სარებილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად მთავრობამ 15 მილიონი ლარი დახარჯა, სამუშაოები კი უხარისხოდ შესრულდა. ხაბეიშვილი ითხოვს გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირის ბრალეულობის საკითხი.

„დედაქალაქის მერიას სამუშაოების წარმოების პერიოდში ზედამხედველობა ევალებოდა, მათ შორის, მიღება-ჩაბარება დედაქალაქის მერიას ექნება ხელმოწერილი, რის შედეგადაც მოხდა ამ თანხის გადარიცხვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია კონკრეტული თანამდებობის პირები გამოიკვეთონ, რომლებმაც ჩაიბარეს უხარისხო სამუშაო და არ განახორციელეს კონტროლი, თუ რამდენად ხარისხიანად წარმოებდა სამუშაოები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის სახლთან დაგეგმილი მშენებლობას, ამ დროისთვის უცნობია, რა შენდება, თუმცა ცნობილია, რომ ბიზნესმენებს აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობიდან გამოსვლის მიზნით გადაეცათ.  ფართი ვერეს ხეობაში ბიზნესმენებს ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ დაუკანონა, შემდეგ კახი კალაძემ ადგილზე ყოველგვარი მშენებლობა აკრძალა, რის გამოც მიწის მესაკუთრეებს ადგილმონაცვლეობა შესთავაზა.

„დღეს ხომ ვამბობთ, არ შეიძლება მშენებლობა, არც 2017 წელს არ შეიძლებოდა, მაგრამ გაიყიდა, შემდეგ 3 დღეში ზონალური ცვლილება განახორციელეს - X რომ ჰქონდა ფასი მიწის ნაკვეთს, შემდეგ უკვე 10-ში რომ გაიყიდა, 13-ში უკვე ზონალური გაუკეთეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დამატებით მიწის ნაკვეთის ფასი გაიზარდა. მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ დოკუმენტაცია, ასე სწრაფად, როგორ ხდებოდა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის ამ წინადადებას სარევიზიო კომისიის წევრები არ დათანხმდნენ და ის ტყუილში დაადანაშაულეს. 

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ხაბეიშვილის განცხადება ოპოზიციური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. ზარქუას მტკიცებით, თბილისის მერიისა და კახი კალაძის მიმართ კრიტიკა მიუღებელია, რადგან დედაქალაქის მერი თავად ამოწმებს, ღამის სამ საათზეც კი მშენებლობებს, რაც მისი Live ჩართვებიდანაც დასტურდება.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია დღის განმავლობაში საუბრობს კიდევ ერთ საკითხზე, რომ დედაქალაქი ეპიდემიის რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. მათი მტკიცებით, ზღვაში ფეკალიების დიდი მასა ჩაედინება, რითიც შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

დღის ამბები