08 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
საჯარო სამსახურებში აღმოჩენილი 350 ნეპოტიზმის ფაქტი - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა

ნეპოტიზმი საჯარო სამსახურებში - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და დაადგინა, ვინ სად და როდის არის დასაქმებული. "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში ასეთი 350 ფაქტი მოხვდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება 40 შემთხვევას ეთმობა, რომელიც შესწავლას და იმის დადგენას საჭიროებს, იკვეთება თუ არა საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმის ნიშნები. 

სასამართლო ხელისუფლება ერთ-ერთია, რომელსაც არასამთავრობო დასკვნაში საკმაოდ ვრცელი ადგილი უკავია. კვლევის ავტორებმა სხვადსხვა ინსტანციის მოსამართლეების ოჯახის საქმიანობა შეამოწმეს. დასახელებულია 7 მოსამართლე, მათ შორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე, რომლის მეუღლეც იმავე სასამართლოშია დასაქმებული, 2007 წლიდან მოსამართლეა ქეთევან ჯაჭვაძეც, მისი ქალიშვილი 2017 წლიდან დედასთან ერთად მუშაობს და ის სხდომის მდივანია.

სასამართლოში არ საქმიანობენ მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრები, თუმცა ისინი სხვადსხვა სსიპებში არიან დასაქმებულები. 

არცერთ მოსამართლეს ამ თემაზე დღეს არ უსაუბრია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნაზე განმარტება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა, გიორგი მიქაუტაძე თვლის, რომ დასკვნა არასწორ ფაქტებზეა გაკეთებული და შედეგების უმეტესობა სიცრუეა. 

მოსამართლეების გარდა, კვლევის ობიექტია საკანონმდებლო ორგანოც. დასკვნის მიხედვით, მანდატის მიღების შემდეგ, ოჯახის წევრები საჯარო სამსახურებში 9 დეპუტატმა დაასაქმა. მათი უმეტესობა ამაში ინტერესთა კონფლიქტს ან ნეპოტიზმის რაიმე ნიშნებს ვერ ხედავენ და ამტკიცებენ, რომ მათმა ოჯახის წევრებმა, სამსახური მას შემდეგ დაიწყეს, რაც შესარჩევი კონკურსი გაიარეს.

დასკვნაში მოხვდნენ ის დეპუტატებიც, რომლებიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ და საჯაროდ ბოდიშიც მოხდას ითხოვენ

ნეპოტიზმის და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" სპეციალური მექანიზმის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

დღის ამბები