09 მაისი 2024,   05:16
ვრცლად
ევროპული გზა არის ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების არჩევანი, რომელსაც არ გადავუხვევთ - გიორგი გახარია

"გუშინ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ეს არის ერთმნიშვნელოვნად დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად დიდი შესაძლებლობა," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც 20 წლის წინ საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ აიღო ვალდებულება, დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

"საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას პირველად ხელმძღვანელობს. საქართველო ევროსაბჭოს წევრი 20 წლის წინ გახდა. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა დღის წესრიგის შექმნაში და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან დავაყენოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ხედვით აქტუალურია ქვეყნისთვის, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ევროპული გზა არის ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების არჩევანი, რომელსაც საქართველო არ გადაუხვევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში მოუწევს, იყოს სრული რეფორმირების და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც ვადასტურებთ დღესაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც, სადაც სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ გამოხატვის თავისუფლება არის დაცული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები