08 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
"უფრო გასაკვირი იქნებოდა, პრეზიდენტს რომ ეთქვა, ეს სამუშაოები უნდა შეწყდესო"- არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ისევ კრიტიკის მიზეზი გახდა, პრეზიდენტის განცხადებას მმართველი გუნდის წევრების გამოეხმაურნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ უფრო გასაკვირი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი სამუშაოების შეწყვეტაზე ისაუბრებდა. 

"დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს ამ საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიცია ექნებოდა. საზღვრებზე თუ ვსაუბრობთ, იქ, სადაც დემარკაცია და დელიმიტაცია არის საჭირო, ყველა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ იცის,რომ ორმხრივი სამუშაოები არსებობს გარდა ერთი ქვეყნისა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს უკანონოდ ოკუპირებული. უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს ეთქვა, ეს სამუშაოები უნდა შეწყდესო," განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის განცხადებაზე მცირე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მთავარია იმ ფორმატის შენარჩუნება, რაც ახლა აქვს, მისი თქმით, ყველა ფორმატია გამოყენებული ოკუპირებული სახელმწიფოს პირობებში და დღეს მთავარი და ყველაზე მძიმე პრობლემა სახელმწიფოსთვის გატაცებული ექიმის საქმეა.

"ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, მისი შენარჩუნებაა მთავარი პრიორიტეტი, ჟენევის ფორმატს ვგულისხმობთ. ნებისმიერ ფორმატს ვიყენებთ ჩვენ ოკუპირებული სახელმწიფოს პირობებში, ჩვენთან არაერთი პრობლემა იქმნება, ამ წუთში კი ყველაზე დიდი პრობლემაა ვაჟა ექიმის პრობლემა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას პრობლემა აქვს არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთან მიმართებაში, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.

დღის ამბები